„დამნაშავეებმა მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ" - პუტინმა მოქალაქეებს მიმართა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „კორკუს სითი ჰოლში“ თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და თავდასხმას „ბარბაროსული ტერორისტული აქტი“ უწოდა.
ვიდეომიმართვაში პუტინი ამბობს, რომ ოთხივე დამნაშავე ნაპოვნია, თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და მომხდარის შემდეგ „უკრაინისკენ დაიძრნენ“. მისივე თქმით, ყველა დამნაშავე, ორგანიზატორი და დამკვეთი სამართლიანად დაისჯება.
პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა და თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, მეხანძრეებსა და მაშველებს კი მადლობა გადაუხადა.
„ოთხივე დამნაშავე იპოვეს და დააკავეს. მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც მანამდე საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარა მოამზადეს. ჩვენ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ცინიკურად დაგეგმილ ტერაქტთან, არამედ დაუცველი ადამიანების მასობრივ მკვლელობასთან. დამნაშავეები იქ მოსაკლავად იყვნენ. როგორც ადრე ნაცისტებმა გააკეთეს, ისინიც გეგმავდნენ საჩვენებელ სიკვდილით დასჯას“, – თქვა პუტინმა