ფრჩხილების გამაგრება სახლის პირობებში
წყლის, ტუტეებისა და მჟავების ხანგრძლივი ზემოქმედება ფრჩხილებს აზიანებს.
ისინი მყიფე, ადვილად მტვრევადი ხდება. ფრჩხილების გამაგრებას ხელს უწყობს შემთბარი ზეითუნის ზეთის აბაზანები რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით. იმავე მიზნით ფრჩხილების გარშემო, კანში, შეგიძლიათ შეიზილოთ ლიმონის წვენი, ხოლო თავად ფრჩხილებზე A, D და E ვიტამინების შემცველი ცხიმიანი კრემი წაისვათ. სასარგებლოა აგრეთვე მცენარეული ზეთისა და ვაშლის ძმრის (თანაბარი პროპორციით) ნარევის აბაზანები.კარგია ფრჩხილებზე სუფრის ძმრის, შტოშის, შავი და წითელი მოცხარის წვენის წასმაც.
ლიმონის წვენი არა მარტო ამაგრებს ფრჩხილებს, არამედ რამდენადმე აბაცებს კიდეც მათ, ამიტომ განსაკუთრებით დროულია მისი გამოყენება ფრჩხილების გაყვითლების დროს. ფრჩხილებს ამაგრებს 70 მლ წყლის, 5 გ შაბისა და 25 გ გლიცერინის ნარევის კომპრესიც. სიმყიფე და მტვრევადობა ფრჩხილების არაჯანსაღ, ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ამის მიზეზი შესაძლოა არასრულფასოვანი კვება, ავიტამინოზი იყოს. თუ ფრჩხილები კალციუმის ნაკლებობის გამო გაგითხელდათ და მტვრევადი გაგიხდათ, რაციონი აუცილებლად გაამდიდრეთ რძის ნაწარმით, კერძოდ, ხაჭოთი.
სამწუხაროდ, ფრჩხილების განშრევება ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა. ამ პრობლემასთან ბრძოლა მეტად მარტივი მეთოდით - მარილიანი აბაზანებით შეიძლება. ძალზე სასარგებლოა ზღვის ან ოკეანის მარილი ყოველგვარი დანამატისა და არომატიზატორის გარეშე. მარილი თბილ წყალში უნდა გახსნათ და თითის ფალანგები 20 წუთით გააჩეროთ ამ აბაზანაში. პროცედურა 10 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა ჩაიტაროთ. ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ. პროფილაქტიკისთვის საკმარისია კვირაში ერთი აბაზანა. კატეგორიულად აკრძალულია სოდიანი აბაზანები! მათ ხშირად მიმართავენ ფრჩხილებიდან ჭუჭყისა და სიშავის მოსაშორებლად. მართალია, ეს პროცედურა სასარგებლოა ხელებისთვის, მაგრამ ფრჩხილები ამ დროს ბამბასავით რბილდება, ამიტომ ზედმიწევნით უნდა მოარიდოთ ფრჩხილები სოდიან წყალთან კონტაქტს.
ფრჩხილების გასამაგრებლად
აიღეთ 1 წილი ჯინჭარი, 1 წილი წიწმატურა, 2 წილი მხოხავი ჭანგას ფესვი, 3 წილი დიდგულას ყვავილი. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 6-8 საათით გააჩერეთ თერმოსში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ნახევარ-ნახევარი ჭიქა. კურსი 10-14-დღიანია.