თეგებით ძიება

ფსიქიატრიული კოშმარი - პაციენტების უმძიმესი ისტორიები და ვითარება ხონის ფსიქიატრიულში

არაადამიანური მოპყრობა, ჩაგვრა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა -  ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე ვითარების და ყოველდღიურობის, რასაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები გადიან. ჯამბულ ურუშაძე ხონის ფსიქიატრიულ კლინიკას ძალადობაში ადანაშაულებს და ეჭვი აქვს, რომ მისი ძმა, რომელიც კლინიკის ბენეფიციარი იყო, ცემის შედეგად გარდაიცვალა. ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ამტკიცებს, რომ პაციენტმა თვითდაზიანებები მიიყენა და სიკვდილიც ამის შემდეგ დადგა. თუმცა ურუშაძეების ოჯახი და მათი ადვოკატი სხვა ვერსიას ყვებიან.  ამ ცენტრში პაციენტების მიმართ ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის  2022 წლის ანგარიშში წერია, რომ პაციენტები პერსონალის მხრიდან უხეშ მოპყრობასა და ფიზიკურ ძალადობას უჩივიან. 

ჯამბულ ურუშაძის ძმა ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიცვალა. 51 წლის  ბესო ურუშაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში წლების განმავლობაში მკურნალობდა. ძმის ცხედარზე აღმოჩენილი დაზიანებები ჯამბულ ურუშაძეს უჩენს ეჭვს , რომ მისი ოჯახის წევრი სამკურნალო დაწესებულებაში, ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი მონაყოლით გარდაცვლილს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში სავარაუდოდ იარაღით ჰქონდა მიყენებული. 

საქმის მასალებით ურუშაძეს ქვედა კიდურებზე ჭრილობები ბლაგვის საგნით ჰქონდა მიყენებული, თუმცა სხეულზე ნანახ  სისხლჩაქცევებს ექსპერტები  სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ვერ ასახელებენ და სამედიცინო დასკვნაში მიუთითებენ რომ პაციენტი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. 

ურუშაძეების ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ ცხედარზე ჩატარებული  ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზს  ვერ ადგენს, რის გამოც გამოძიება ჭიანურდება. ადვოკატის ინფორმაციით საქმეს ართულებს ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მტკიცებაც იმის შესახებ რომ დაზიანებები  51 წლის კაცმა თავად მიიყენა. თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ მოიპოვება. 

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი არ არის ერთადერთი დაწესებულება სადაც პაციენტებზე ძალადობენ. საქართველოში ამჟამად 11 ასეთი ტიპის  ცენტრი მუშაობს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი თბილისში ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე - ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრია.  პერსონალის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ამ დაწესებულების ბენეფიციარებიც საუბრობენ.

თინათინ შალამბერიძე ამბობს რომ პერსონალის მხრიდან  ფსიქიატრიულ კოშმარს წლების განმავლობაში იტანდა. მისი პრობლემები 22 წლის ასაკში დაიწყო, ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში სხვადასხვა კლინიკაში იყო მოთავსებული, ახლა გამოჯანმრთელდა და სხვა პაციენტების დახმარებას ცდილობს. 

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები და პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა, ყოველ წელს ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშებში. 2022 წლის დოკუმენტში, სახალხო დამცველი კვლავ მიუთითებდა ბენეფიციარების მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. 2023 წლის  ანგარიში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.  ლევან იოსელიანის მტკიცებით დოკუმენტის  დიდი ნაწილი სწორედ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემებს შეეხება.

პაციენტების მონათხრობში,რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მკურნალობდნენ ერთმანეთს ბევრი გარემოება გავს. ყოფილი პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ, ახლა იმ კლინიკების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ, რომლებშიც ჯოჯოხეთი გამოიარეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა