"ეს ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს" - უკრაინის დაზვერვა პუტინს პასუხობს
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო პუტინის ბრალდებებს პასუხობს. უწყების წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, ვერსია, რომ მოსკოვის ტერაქტში დამნაშავეები უკრაინის საზღვრისკენ მიდიოდნენ -"ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს".
„არ არის საჭირო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი იყო. სრულმასშტაბიანი ომი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, სასაზღვრო ტერიტორიები გაჯერებულია მტრის ჯარით, სპეც-აგენტებით, საზღვაო ძალების წარმომადგენლებით, სპეცსამსახურებითა და უსაფრთხოების ძალებით. სასაზღვრო ხაზი დანაღმულია, კონტროლდება ყველა საშუალებით, მათ შორის საჰაერო დაზვერვით, ორივე მხრიდან. ოლქები, როგორიცაა ბელგოროდი და კურსკი, ზოგადად, ბოლო მოვლენების შემდეგ აღიარებულია აქტიურ საბრძოლო ზონებად. და, რა თქმა უნდა, ეს ვერსია ვერ უძლებს კრიტიკას, მსოფლიოში ყველას ესმის ეს, გარდა, ალბათ, ზომბირებული რუსული მოსახლეობისა." ამბობს იუსოვი
პუტინმა 20 საათიანი დუმილის შემდეგ დღეს განაცხადა, რომ ტერაქტის მონაწილე პირები და ეჭვმიტანილები დაკავებამდე უკრაინაში გადასვლას ცდილობდნენ და რომ მათთვის საზღვარზე სპეციალური "ფანჯარაც" იყო მომზადებული.