თეგებით ძიება

„სახე განადგურებული მაქვს და სარკეში ჩახედვა მიჭირს“ - ვინ და რატომ უჩივის ციცინო შურღაიას?

თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, რომ სახისა და სხეულის დეფექტები შევისწოროთ, ამიტომ პლასტიკურ ქირურგიას ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. სილამაზისკენ სწრაფვაში ცუდი არაფერია, მაგრამ ზოგჯერ სურვილს და მონდომებას საპირისპირო შედეგი მოჰყვება და წარუმატებელმა ოპერაციამ შეიძლება ადამიანის გარეგნობას სამუდამო დაღი დაასვას და ჯანმრთელობა შეურყიოს. 

ვინ და რატომ უჩივის პლასტიკურ ქირურგ ციცინო შურღაიას? - ამის შესახებ TIA.GE-ს მანანა გრატიაშვილმა უამბო. 

- წლებია, იტალიაში ვცხოვრობ, თუმცა საქართველოსთან კავშირი არასოდეს გამიწყვიტავს. დაახლოებით 7 თვის წინ გავიგე, რომ ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ციცინო შურღაია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა, საქართველოში დაბრუნდა. დიდხანს არ მიფიქრია და გადავწყვიტე მასთან ბლეფაროპლასტიკა ჩამეტარებინა. ეს უმარტივესი ოპერაციაა და თვალის ქუთუთოს მოშვებული კანის მოჭრას და  კორექციას გულისხმობს. ოპერაცია 5 თვის წინ, 21 ოქტომბერს ანესთეზიით  გავიკეთე და მეორე დღეს კლინიკიდან გამწერეს, მაგრამ პროცესი თავიდანვე ძალიან რთულად განვითარდა.

- რას გულისხმობთ?

- ჭრილობა შემიშუპდა, სიცხე მომცა და თავს ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ ქალბატონმა ციცინომ რამდენჯერმე სითხე ამომიღო და დამამშვიდა - ანთებითი პროცესია და მალე ჩაცხრებაო. 29 ოქტომბერს ნაკერები ამომიღეს და დაიმედებული, რომ ყველაფერი წესრიგშია, 30 ოქტომბერს იტალიაში დავბრუნდი და იქიდან ვეკონტაქტებოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში, მდგომარეობა გაუარესდა.

- ინფექცია განვითარდა?

- მხოლოდ ინფექციაზე არ არის საუბარი. არასწორი განაკვეთის გამო კუნთები დაზიანდა, ქუთუთოები ფაქტობრივად, ამობრუნებულია და საშინელი ასიმეტრიაა. სისხლის მიმოქცევა დაირღვა  და სახეზე ნეკროზი განვითარდა, რისი ფოტოებიც თან მაქვს. იტალიელმა ექიმებმა მკვდარი უჯრედები მომაცილეს, ანტიბიოტიკებით და მალამოებით მიმკურნალეს და სიცოცხლე და მხედველობა გადამირჩინეს, თუმცა პროცესი დამთავრებული არ არის. კიდევ ორი ოპერაციაა საჭირო იმისთვის, რომ სახე აღვიდგინო. აქ საუბარი აღარ არის სილამაზეზე. არასწორი განაკვეთების გამო სახე მთლიანად განადგურებულია და სარკეში ჩახედვაც კი მიჭირს. 

- როგორც ვიცი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ციცინო შურღაიას საკუთარი პრეტენზიები გააცანით. რა გიპასუხათ?

- საქართველოში თებერვალში დავბრუნდი და რა თქმა უნდა,  ციცინო შურღაიას დავუკავშირდი. მისი პასუხიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ  საერთოდ ვერ ხვდება, რაში შეცდა. მისი თქმით, ყველაფერი სწორად გააკეთა და თუ რამე არ მოგვწონს, სასამართლოს უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ასეც მოვიქეცი - სასამართლოსაც მივმართე, ჯანდაცვის სამინისტროსაც და პროკურატურასაც, რომ მოკვლევა დაიწყოს. 

- სასამართლოზე, ციცინო შურღაიასგან რას მოითხოვთ?

- პირველ რიგში, მინდა, რომ ჩემი გამოცდილება სხვა ადამიანებისთვის მაგალითად იქცეს, რომ აღარავინ დაზარალდეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე  ამაზე ხმამაღლა საუბარი. ამასთან, რა თქმა უნდა, ოპერაციის ღირებულების უკან დაბრუნებას და იტალიაში ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურებას ვითხოვ. დამატებით ორი, საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა ჩასატარებელი და ესეც უნდა აანაზღაუროს. იცით რა შემომთავაზა? მე კი არაფერი შემშლია, მაგრამ თუ გინდა, განმეორებით ოპერაციას ჩაგიტარებ და ცოტა კიდევ გაგალამაზებო. ისეთი პოზიცია აქვს, თითქოს მასთან შრეკის ცოლი, ფიონა მივიდა და უკეთესი ვარიანტი არ გამოვიდა. რა თქმა უნდა,  ამ ქალბატონთან საოპერაციო მაგიდაზე მეორედ აღარ დავწვები და არც სხვებს ვურჩევ.

- ბლეფაროპლასტიკის ოპერაციაზე, შურღაიასთან რამდენი გადაიხადეთ?

- 5000 ლარი გადავიხადე. თანხა პირადად ციცინო შურღაიამ აიღო, რადგან რეგისტრატურა დაკეტილიაო - განაცხადა. მაშინ ქვითარი არც მათ მოუციათ და არც მე მომითხოვია. გადახდის ქვითარი თებერვალში ვნახე, როცა ისტორია მოვითხოვე და 5000 ლარის ნაცვლად, 2500 ლარი ეწერა. ახლა ამ ფაქტსაც ფინანსური აუდიტი სწავლობს. როგორც ვიცი, დღეს „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც ქალბატონი ციცინო მოღვაწეობს, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არიან შესულები და ვითარებას იკვლევენ. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი გაირკვევა და ამ ქალბატონს საშუალება აღარ ექნება, რომ ადამიანების ცხოვრება გაანადგუროს.

ბუნებრივია, მომხდართან დაკავშირებით, ციცინო შურღაიას პოზიციის გაგებითაც დავინტერესდით, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა, რადგან პლასტიკური ქირურგის თანაშემწემ ჩვენს ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა