სანამ „ქართული ოცნებიდან“ ვინმე არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი, იქამდე პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ - იაგო ხვიჩია
ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ "გაპიდარასტდებით", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი შეაფასა.
მისივე თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" ლგბტ პროპაგანდით ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება არ გააჩნიათ.
"არავის ამდენი არ უსაუბრია, მათ შორის ბავშვების გასაგონად, ლგბტ პროპაგანდაზე, როგორც თვითონ ["ქართულ ოცნებას"]. დარწმუნებული ვარ, რომ "დაგუგლოთ" ლგბტ პროპაგანდა ქართულად, "ქართული ოცნების" ლიდერები გამოჩნდებიან პირველი საძიებო სიაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია იმის თქმა, რომ მთავრობა რომ არ ზრუნავდეს თქვენზე, თქვენ "გაპიდარასტდებით". აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, მინიმუმ მანამ, სანამ ვინმე არ გამოჩნდება "ქართული ოცნებიდან" და არ იტყვის, თუ როგორ გახდა ბავშვობაში ლგბტ პროპაგანდის მსხვერპლი. ამის შემდეგ შეიძლება შეგვეცოდოს რომელიმე მათგანი და სერიოზულად ჩავთვალოთ, რომ საფრთხე რეალურია, მაგრამ თუ ერთი დაზარალებულიც არ ჰყავს "ქართულ ოცნებას" ლგბტ პროპაგანდით, მე მგონი, დანარჩენ საქართველოზე ზრუნვის მორალური უფლება მათ არ გააჩნიათ," - განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავს, მისი გუნდი აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.
"ჩვენ დავაკვირდებით (იმიტომ, რომ ეს ძალიან გასართობია), რა არგუმენტაცია ექნება "ქართულ ოცნებას" ამ კანონის მისაღებად, მაშინ როდესაც ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს საკუთარ რიგებში, რომელიც დაზარალდა," - განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.