რუსებმა 3 თვის განმავლობაში 32 უკრაინელი ტყვე სიკვდილით დასაჯეს - გაერო
გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ მოპოვებული მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე რუსმა ჯარისკაცებმა სულ მცრიე 32 უკრაინელი სამხედრო ტყვე მოკლეს.
ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაეროს ექსპერტებმა მიიღეს მინიმუმ სამი ასეთი შემთხვევის დამოუკიდებელი დადასტურება, რომლის დროსაც დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების შვიდი ჯარისკაცი.
როგორც გაეროს ოფისი აღნიშნავს, მოკლული უკრაინელი პატიმრების რიცხვი "საგრძნობლად მეტია, ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში".
მათ მოხსენებაში ისინი აღწერენ პატიმრების მკვლელობის შემთხვევებს როცა მათ იარაღი დაყარეს ან დაკითხვის დროს.
კერძოდ, მოწმეებზე დაყრდნობით, გაეროს ექსპერტები წერენ, რომ ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ რაბოტინოსთან ჯერ ესროლა ფეხში დატყვევებულ უკრაინელ სამხედროს, რადგან ის გარკვევით არ ლაპარაკობდა, შემდეგ კი თავში ორი გასროლით მოკლა.
ანგარიშში ასევე აღწერილია რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამება, მათ შორის ცემა, ელექტროშოკი, იმიტირებული სიკვდილით დასჯა და სექსუალური ძალადობა. ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრებს აიძულებდნენ ემღერათ რუსეთის ეროვნული ჰიმნი, არ აძლევდნენ ძილის საშუალბას ან უკრძალავდნენ ტუალეტით სარგებლობას.