თეგებით ძიება
27. 03. 2024 სპორტი

"იღბალი საქართველოს მხარეს იყო, ჩემი ბიჭები განადგურებულები არიან“ - საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი

ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, ბერძენი ფეხბურთელების მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენციაზე შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ქართველებს გამარჯვება მიულოცა.

მისი შეფასებით, საბერძნეთი ბოლომდე დაიხარჯა გამარჯვებისთვის, თუმცა, იღბალი საქართველოს მხარეს იყო.

"პირველ რიგში, ვულოცავ მეტოქეს, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ვილი სანიოლს, რომელსაც კარგად ვიცნობ. მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე, პირადად მიმელოცა მისთვის.

ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოდგა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ჩემი ბიჭები განადგურებულები არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ არ გაუმართლათ. როდესაც ბოლომდე იხარჯები და მარცხდები, ძალიან მტკივნეულია.

ბოლო ორ მატჩში გოლი არ გაგვიშვია და მაინც ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე. მცველებმა პირველ ტაიმში სამი ყვითელი ბარათი მიიღეს, მავროპანოსი, ხაციდიაკისი და მანდალოსი დაშავდნენ. ოთხი შეცვლა ტრავმების გამო განვახორციელე. ამანაც იმოქმედა. 

ძალიან დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ხდება ასეთ დროს. ბევრი ორთაბრძოლა იყო და საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდა პენალტების სერიაში, სადაც ყოველთვის 50/50-ზეა შანსები, ხოლო იღბალი ერთ-ერთი გუნდის მხარესაა. ამჯერად საქართველოს ნაკრების მხარეს იყო“, - განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა