2024 წლის 26 მარტი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა, როგორც შვილიშვილებისთვის მოსაყოლი დიდებული ამბავი - კახა კალაძე
„გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ სრულიად საქართველოს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ფინალში გამარჯვება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გასვლა.
„საოცარი დღეა. ძალიან დიდი ემოციები აქვს. გუშინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთის ნაკრებთან. ამ დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელმაც გადაუჭარბებლად რომ ითქვას, მთელი ქვეყანა გააერთიანა. საქართველო უკვე ევროპის ჩემპიონატზეა. 2024 წლის 26 მარტის დაძაბული, სიხარულის ცრემლის მომგვრელი თამაში კი ოდესმე შვილიშვილებისთვის მოსაყოლ დიდებულ ამბად დარჩება თითოეული ჩვენგანისთვის. გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს თარიღი ოქროს ასოებით შევა ჩვენს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი რამდენიმე ათეული წელი ელოდებოდა.
ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო ხშირ შემთხვევაში მარცხთან და ნიჰილზმთან, გუშინდელი ცრემლები კი გამარჯვების, სიამაყისა და უდიდესი სიხარულის იყო. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა. ეს არ არის მარტო ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება. ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ბრწყინვალე შედეგისთვის და აღნიშნა, თუ როგორ გააერთიანა ამ სიხარულმა მთელი ქვეყანა.
„გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ - ძალა ერთობაშია. ნაკრებმა და გულშემატკივარმა ერთად აჩვენეს გუნდურობა, ერთობა და ამ ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით, ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის გვერდში დგომით გავიმარჯვებთ.
გუშინ ბრწყინვალე შედეგი დავდეთ და მინდა, ზუსტად ამ სიხარულისთვის, სამაგალითო წარმატებისთვის, მუხტისთვის, რომელმაც წუხელ გულშემატკივრებს მთელი თბილისი შემოატარა, სრულიად უცნობი ადამიანები დაამეგობრა, მთელი ქვეყანა იმედით, სიყვარულით და სიამაყით აანთო; მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს - საქართველოს ნაკრების თითოეულ წევრს. ასეთი გამარჯვებები იმაზე უფრო დიდ გამოძახილს ჰპოვებს, ვიდრე უბრალოდ გამარჯვების სიხარულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელები სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას იმსახურებენ.
„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, რასაც მთელი გულით მივესალმები. დიახ, ჩვენმა საამაყო ბიჭებმა გუშინ შეძლეს და დაიცვეს საქართველოს ღირსება და სახელი. ისინი იმსახურებენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც, გუშინვე გავიზიარე გამარჯვების სიხარული. ფეხბურთმა წუხელ ყველა გაგვაერთიანა და ეს იყო ძალიან ძლიერი ემოცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.