ფუნიკულიორი 119 წლისაა
ფუნიკულიორი 119 წლისაა.
ისტორია
1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.
ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი (ავტორები არქიტექტორები: ზ. და ნ. ქურდიანები, თანაავტორი ა. ვალაბუევი), მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფუნიკულიორი განახლდა და გაიხსნა 2012 წელს. ამჟამად, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობაში ფუნქციონირებს რესტორანი.