ქალიც მოიტაცეს, ოქროს საწმისიც გააყოლეს და ჩვენი ვალი ჰქონდათ. გუშინ დავაბრუნებინეთ, ისე, როგორც საჭიროა - ლევან ბერძენიშვილი საბერძნეთის ნაკრებზე
„რა თქმა უნდა, დეჟავიუს შეგრძნება მქონდა, მაგრამ გუშინდელი ემოცია ათასჯერ მეტი იყო.. ჯერ ერთი ეს დამოუკიდებელ ქვეყანაში მოხდა და ეს ახლა სულ სხვა რამაა. იქ ფეხბურთი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რაღაცის გამონათება, აქ კი ფეხბურთი იმის სიმბოლოა, რომ ამ ქვეყანამ გაიღვიძა“, – ამ შეფასებით ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას გამოეხმაურა და მატჩის შესახებ ისაუბრა.
როგორც ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნა, გუნდმა იბრძოლა და ღირსეულადაც გაიმარჯვა:
„ყველაფერს თავისი დრო აქვს, მაკედონიასთან მოგებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სხვაა, ეს კი [საბერძნეთი] ევროპის დამფუძნებელი ქვეყანაა, ვინც სიტყვა ევროპა მოიფიქრა. საწმისებზე აღარ მინდა ლაპარაკი, პროფესიული საუბარი რომ არ გამომივიდეს.
ძალიან ღირსეულად მოვიგეთ, მართალია ისე ვერ გავიბრწყინეთ, როგორც ძალიან გაგვიხარდებოდა, მაგრამ გუნდმა იბრძოლა, ომში ვიყავით..
სამწუხაროდ, საბერძნეთი ილიადაში და ოდისეაშია კარგი, თორემ კარში რომ დგას, ის საბერძნეთი ყველაზე კორექტული მოთამაშე არ არის. მათ ევროპის ჩემპიონობა აგრესიული და დაუნდობელი ფეხბურთით მოიპოვეს, მაგრამ ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული ისაა, რომ წინასწარ ყველამ დაგვცინა.
რაც ვნახე ბერძნულში [ინფორმაციებში] ჟურნალისტი იქნებოდა თუ სხვა, ყველამ დაგვცინა: „ქუჩის ფეხბურთი“, „უბნის გუნდებში თამაშობენ“, „ეს დიდი არაფერია“ – დაახლოებით ამ დონით იმშვიდებნენ თავს, მაგრამ ყველაფერი რაც მოხდა, ძალიან ბუნებრივი იყო.
ჩვენ ხომ სპონტანურ აღნიშნვებში ძალიან მაგრები ვართ, პარტიულ ყრილობებზე კარგი რეჟისორები გვიდგამდნენ ხოლმე, არც ერთი არ ვარგოდა. როგორც კი სპონტანური სიხარული მოხდებოდა, თუ მაშინ, თუ ახლა – ყოველთვის როცა გვიხარია, გვიხარია კარგად.
გუშინდელ სიხარულს ერთი ამბავი ჰქონდა, თაობები ერთმანეთს შეხვდნენ, ადრე ფეხბურთი ჭკუადამჯდარი ხალხის საქმე იყო, ბავშვებს რა უნდოდათ, ვინ გაიმეტებდა ბილეთს. გუშინ, მთელი ჩემი ჯგუფი – 50 გოგონა სტადიონზე წავიდა. ყველაფერი ეს არის სიხარული და სიხარულის გამოხატვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურაა.
ჭირში და ლხინში სიხარული სხვადასხვანაირია, ჭირში გვერდით დადგომა ადვილია და ლხინში რომ ადამიანს გვერდით დაუდგე, ძნელია. ამიტომ, ყველა საელჩომ მოგვილოცა, შტატების საელჩომ პირველმა მოგვილოცა, როდესაც მათი წარმოდგენები ფეხბურთზე საინტერესოა..
მთავარია ესმოდეთ – თუ ჩვენ ევროპაში გვინდა და რატომ გვინდა? მე მაგალითად, სათქმელად მქონდა ასეთი რამ, როდესაც ევროპელები მეკითხებოდნენ, რად გინდათ, რას ხედავთ ამ ევროპაშიო, ვეუბნებოდი, ქართველები ფეხბურთზე ჭკუას კარგავენ, საქართველოს ნაკრები ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ გამოჩნდეს, ჩვენ, ხალხი დავიხოცოთ სიხარულისგან, მაგრამ ამის გასაკეთებლად ჩვენ არ წავალთ აზიის ქვეჯგუფში, საიდანაც უფრო ადვილად გავძვრებოდით, იმიტომ რომ ჩვენ ევროპაში გვინდა და თან ღირსეულად – როგორც შინაურები, როგორც ამ ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაცია.
ჩვენც ხომ ვიღაცები არ ვართ ამ თვალსაზრისით.. ბევრმა არგონავტები გაიხსენა და.. საერთოდ, ამით იწყება ისტორია. როგორც თეროდოტოსი ამბობს, ისტორია იწყება ქალების მოტაცებებში, ამ ქალების მოტაცებებში კი ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ ქალიც მოიტაცეს, ოქროს საწმისიც გააყოლეს და ჩვენი ვალი ჰქონდათ. გუშინ ისე დავაბრუნებინეთ, როგორც საჭიროა.“ – აღნიშნა ლევან ბერძენიშილმა.