პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რაც თანხის სანაცვლოდ 6 და 7 მარტს გაასაღა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.