თეგებით ძიება

„მალე ვიწყებ მიხეილ მესხზე წიგნის წერას“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე მიხეილ მესხის შესახებ წიგნის წერას იწყებს. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

„მალე ვიწყებ მიხეილ მესხზე წიგნის წერას - მიხარია, რომ უდიდესი ქართველი ფეხბურთელის ოჯახმა  მე შემომთავაზა ეს საქმე. მაინცდამაინც ახლა ამ ამბავს იმიტომ მოგახსენებთ, რომ ვიცოდეთ - არაფერი ხდება დიდი ტრადიციის გარეშე.  ქართველებს ფეხბურთში სამი ევროპის ჩემპიონი გვყავს საერთოდაც - მესხი, მეტრეველი და ჩოხელი - მერე რა, რომ ბედის უკუღმართობით ეს ამბავი სხვა ქვეყნის სახელით მოხდა.

81-ის ტრიუმფი ყველამ ვიცით, თუმცა მანამდეც იყო დიადი გამარჯვებები, ჩემპიონობა და თასები და რაღაც  ძალით ნაკარნახევი საკულტო წამები, რომელიც ფეხბურთს სპორტზე მეტად აქცევდა ჩვენს ქვეყანაში - გაბელიას პირჯვარი გამოდგა გადამწყვეტი პენალტის წინ ასეთი და მოპარული ბურთი კარლ ცაისთან და პანტიანის მინდორი და ყიფიანის კისრული.

ყიფიანზე რომ ვამბობთ, ესეც გავიხსენოთ: თუ სამუდამო გოლი არსებობს, ასეთია მისი წარმოუდგენელი პასით გუცაევის მოხდენილად შეგდებული ბურთი ერევანთან. 

ასეთია ქინქლაძის გოლი უელსთან.

ფეხბურთში მსოფლიოში საუკეთესო ფილმები ჩვენ გადავიღეთ და მანდ, ერთგან რომ სიმღერაა დამარცხებულების, ეგ სიმღერაა, მერე გამარჯვების შანსს რომ გვაძლევს. ეგ არის დამარცხების შეუგუებლობის ქართული ჯადო.

ამიტომაც იყო  გუშინწინდელი გამარჯვება უფრო მეტი, ვიდრე ფეხბურთი. და სულ მეტი იქნება ამ ქვეყანაში. ამიტომაც, დადგა ასეთი სიხარული, სხვა ქვეყნის შვილისთვის, შეიძლება, გაუგებარი, მაგრამ ჩვენთვის ახლო და აუცილებელი. ახლა, წარმოიდგინეთ, 1998-ის ხორვატია რომ გავიმეოროთ, რა იერიში იქნება ამდენწლიან ჩაბუდებულ დარდზე.

და ფეხბურთი რომ სპორტზე მეტია, ამიტომაც გვიხარია, რომ კვეკვესკირმა პირველი ეგ თქვა, აფხაზეთი საქართველოაო და მერე საერთოდაც ხმაურიანი დუმილიო, პოეზიაც გარია საქმეში. კი, ყველას იმაზე მეტი გვევალება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვაკეთებთ. და ამიტომაც გადავარჩით. და სულ გადავრჩებით. ეს არის ქართული ალგორითმი“, - წერს კეკელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა