თეგებით ძიება
28. 03. 2024 მსოფლიო

პორტუგალიის რამდენიმე პოპულარული ქალაქი ტურისტულ გადასახადს აწესებს

პორტუგალიის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზიან და პოპულარულ ალგარვეს რეგიონში ტურისტებს ღამისთევის გადასახადს დაუწესებს. ინფომრაციას SchengenVisaInfo ავრცელებს.

კურორტებზე, კემპინგებზე, სასტუმროებსა და ავტოფურგონების პარკირებებზე გაჩერებული ყველა ტურისტი დამატებით გადასახადს უკვე მიმდნიარე წლიდან გადაიხდის.

ალგარვეს მუნიციპალიტეტშორისმა საზოგადოებამ (AMAL) ტურისტული გადასახადის შემოღების ნებართვა ჯერ კიდევ 2019 წელს გასცა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, 2023 წელს ამ ზომის საჭიროების შესახებ ფარუს ოლქის 16-ი მუნიციპალიტეტიც შეთანხმდა. შედეგად ღამისთევისთვის 1-2-ევროიანი გადასახადის შემოღება გადაწყდა, რასაც ამჟამად სხვა მუნიციპალიტეტებიც უერთდებიან.

კერძოდ, ალგარვეში მდებარე ქალაქი, ალბუფეირა ტურისტებისთვის დამატებით გადასახადს მაისიდან აწესებს. თუმცა გადასახადის საბოლოო ოდენობა ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ არ განუსაზღვრავს.

ალგარვეს კიდევ ერთ ქალაქ პორტიმაოში ტურისტული გადასახადი 14 მარტიდან ამოქმედდა. ღამისთევის ფასი მაღალ სეზონზე, რომელიც 1 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე გრძელდება, 2 ევროს, ხოლო დაბალ სეზონზე, ანუ 1 ნოემბრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1 ევროს შეადგენს.

ასევე, ვილა-რეალი-დე სანტო-ანტონიოში ტურისტული გადასახადი 2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ოდენობაც დღეღამეში, დაახლოებით, 1 ევროა. ფარუში ტურისტები დამატებით 1,5-ევროიან გადასახადს 2020 წლის თებერვლიდან, ხოლო ოლანში დღეღამეში 2 ევროს 2023 წლის მაისიდან იხდიან.

გადასახადის ამოღების სისტემა ისე მუშაობს, რომ ის ტურისტული ბიზნესიდან მუნიციპალიტეტს გადაეცემა, ხოლო მიღებული შემოსავალი ტურიზმთან დაკავშირებულ ინვესტიციებს, მათ შორის, გარემოს მდგრადობას, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარული მიმართულებების მხარდაჭერას ხმარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა