თეგებით ძიება

რატომ არ იყიდება საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე? - მარიამ ნანეიშვილი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა  პირველად მოიპოვა დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაშის უფლება. ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ქართველ გულშემატკივრებს აინტერესებთ რას გეგმავს ფეხბურთის ფედერაცია, თამაშებზე დასასწრებად გაუწევს თუ არა გულშემატკივრებს დახმარებას, თუნდაც ჩარტერული რეისებით და რატომ არ იყიდება საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე? 

სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ნანეიშვილი წერს:

ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით:

თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკიდებულებაც, ბევრმა კარგად იცით.

Საქმე ისაა, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის თამაშებზე უეფა გამოყოფს ბილეთების გარკვეულ რაოდენობას თითოეული ნაკრების გულშემატკივრებისათვის. დასკვნით ეტაპზე ჩვენ პარალელურად გასული უკრაინისა და პოლონეთის გულშემატკივრების ბილეთები უკვე სრულადაა გაყიდული უეფას ოფიციალური ვებგვერდიდან.

🇬🇪 საქართველოს გულშემატკივრებს ჩვენთვის განკუთვნილი ბილეთების შეძენა ჯერ არ შეგვიძლია. უკრაინამ და პოლონეთმა ამ ბილეთების გაყიდვა უეფას მიანდო. Როგორც ვიგებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სხვა გადაწყვეტილება მიიღეს: თავად უზრუნველყოფენ ბილეთების გაყიდვას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ბილეთების რეალიზაციის საამაყო გამოცდილება ნამდვილად არ აქვთ. 

ჯგუფური ეტაპის ნებისმიერ თამაშზე, ნაკრების გულშემატკივრებისათვის გამოყოფილი ბილეთების ფასი 30 ევროა. ჩვენც რომ გვქონოდა ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, სამივე თამაშის თითოეული ბილეთი უკვე გაყიდული იქნებოდა. Მაგრამ სხვა ქვეყნების გულშემატკივრებივით ბილეთების უეფას ვებგვერდზე შეძენის ნაცვლად, ფედერაციის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

ჯერ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის შეგვეძლება საქართველოს გულშემატკივრებისათვის გამოყოფილი ბილეთების შეძენა (საუბარია, სავარაუდოდ, 5-10 ათას ადგილზე თითოეულ მატჩზე). Რაც მთავარია, უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation Levan Kobiashvili 

ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს ლოგიკურ შეკითხვას: თუ ამის შესაძლებლობა არსებობდა, სხვა ქვეყნების მსგავსად, რატომ არ იყიდება საქართველოს გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე? Მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის ბილეთების ყიდვა-გაყიდვა ყოველთვის დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული.

ცხადია, ამ შეკითხვაზე პასუხის მიუხედავად, მოცემულობა ვეღარ შეიცვლება. ამიტომ მხოლოდ იმედს თუ გამოვთქვამ, რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მსურველებს თანაბარი პირობები გვექნება. ბილეთს თუ ვერ ვიყიდი, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ უბრალოდ ჩემნაირმა რიგითმა გულშემატკივარმა დამასწრო - წერს მარიამ ნანეიშვილი.

მარიამ ნანეიშვილის ფესბუქ-პოსტს Action.Ge გამოეხმაურა და საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განმარტა:

საქმე ასეა. მართლაც UEFA EURO 2024-ის წესდების თანახმად, ქვეყანა თავად წყვეტს ბილეთების საკუთარი კვოტის გაყიდვა მიანდოს უეფა, თუ თავად ფედერაციამ აიღოს პასუხისმგებლობა. 

ამ ეტაპზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავად ფიქრობს ამ საკითხის უზრუნველჰყოფად და მიზეზი შემდეგია: 

უეფას საიტზე გაყიდვის შემთხვევაში ბილეთებზე წვდომა თურქ, ჩეხ და პორტუგალიელ გულშემატკივარსაც ექნება ან უნდა მოხდეს საქართველოს პასპორტით კვოტირება. ჩვენს ნაკრებს კი უამრავი ემიგრანტი გულშემატკივარი ყავს, რაც მათ არასამართლიან გარემოს შეუქმნის. 

შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია ქართულ ბაზარზე მოხდება და ნაკლები შანსი იქნება უცხოელი გულშემატკივრის ხელში აღმოჩნდეს. მთავარი გამოწვევა გადამყიდველებთან ბრძოლა და მათი შეზღუდვა უნდა იყოს და იმედი გვაქვს ფედერაცია ამჯერად შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მსგავსი ხარვეზები - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა