ჰამბურგის, მადრიდის ფრენები Wizzair-ზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება, ზოგ რეისზე დღეები შეიცვალა
ქუთაისიდან ჰამბურგის, მადრიდის და ტალინის მიმართულებით ფრენები Wizzair-ის ვებგვერდზე ოქტომბრამდე აღარ იძებნება. ასევე, გვიან ღამიდან Wizzair-ის მომხმარებლებს მიუვიდათ შეტყობინება ესპანეთის, იტალიის და საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ქუთაისიდან ფრენის გაუქმების შესახებ - მათ ავიაკომპანია სანაცვლოდ სხვა დღეს ან სხვა მიმართულებას სთავაზობს.
ცვლილებებია ზოგიერთი მიმართულების სიხშირეშიც. მაგალითად, ამ დრომდე ქუთაისიდან მილანში კვირაში ოთხჯერ იყო ფრენა, ახლა რაოდენობა ორამდეა შემცირებული.
Wizzair-ის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, ფრენების გაუქმება/შემცირება სავარაუდოდ კვლავ თვითმფრინავების ძრავების შემოწმებას უკავშირდება - ავიაკომპანიას გასული წლიდან დაახლოებით 40-45 Airbus A320neo family-ის ინსპექტირება დასჭირდა ძრავებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემების გამო. ამან სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ფრენების გაუქმება/შემცირება გამოიწვია. მათ შორის, Wizzair-მა რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან ფრენები გააუქმა პოლონეთის ქალაქების - გდანსკის და ვროცლავის მიმართულებით.