"პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები" - პაპუაშვილის მხარდაჭერა სასამართლო კლანის წევრებს
"პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოსამართლეების კეთილსინდისიერების ტესტის შესახებ კლანის წევრი მოსამართლეების წინააღმდეგობას ეხმაურება.
მედიაში ვეცნობი უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე ე.წ. "ვეტინგის" საკითხზე მოსამართლეთა მსჯელობის ამონარიდებს, რომელიც, კიდევ უფრო, მიმყარებს, ბოლო პერიოდში, ამ საკითხზე სხვადასხვა ჯგუფთან საუბრისას ჩამოყალიბებულ აზრს.
კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა.
საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, ქართული სახელმწიფოს დაზიანებაა, - წერს პაპუაშვილი.