“ერთ ცრემლს ხომ მომაყოლებთ”-ო დაახლოებით ათი წლის წინ მითხრა - რას წერს ლაშა ჟვანია პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილ დირექტორზე?
ისრაელში საქართველოს ყოფილი ელჩი ლაშა ჟვანია ლირველი კლასიკური გიმნაზიის ლეგენდარულ დირექტორს, ლიანა შეწირულს ემოციური სტატუსით ემშვიდობება:
დღეს, საქართველო პირველი კლასიკური ისტორიული გიმნაზიის ლეგენდარულ პედაგოგს და დირექტორს, ქალბატონ ლიანა შეწირულს ემშვიდობება.
“ერთ ცრემლს ხომ მომაყოლებთ”-ო დაახლოებით ათი წლის წინ მითხრა. მადლიერების, დიდი პატივისცემის, აღიარების, დაფასების და მრავალ სხვა კეთილ გრძნობასთან ერთად - სიყვარულნარევ ცრემლს გაყოლებთ ჩვენო უნიკალურო და განუმეორებელო აღმზრდელო, ღირსეულო ქალბატონო! 🙏
ბევრმა არ იცის და ამიტომ ისტორიის ფურცლებისთვის აქ უნდა ვთქვა - ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის 80-იანი წლებში ქალბატონმა ლიანამ რელიგიის ფაკულტატური გაკვეთილების ნება დაგვრთო! მან გამიშვა ისტორიის არქივში და პირველი სკოლის კედლებში ტაძრის არსებობის დამადასტურებელი მასალები ამომაღებინა! შემდეგ მოახერხა კიდეც ისტორიული სამლოცველოს აღდგენა. იყო ბევრი სხვაც… უმძიმეს პერიოდში ღირსეულად გვიცავდა და კრუხივით თავს გვევლებოდა!
თქვენს ფაქიზ სულს საცხოვნებლად ამ პატარა უცნობ ისტორიასაც ვატან საიქიო საქართველოში!
მადლობა! მშვიდობით! და კიდევ მაინც - მადლობა! ეს პატარა, არასრულყოფილი, მაგრამ გულიდან ამოსული საჯარო გამოსამშვიდობებელი თქვენი მადლიერი აღზრდილების, მშობლებისა და შთამომავლების ცრემლად მიიღეთ! - წერს ლაშა ჟვანია.
ლიანა შეწირული, რომელიც პირველ კლასიკურ გიმნაზიას 32 წელი მართავდა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.