კაკლის ტოტები, ფიჭვის ნაფოტები, მიხაკის ყვავილები - როგორ ვებრძოლოთ ჩრჩილს ხალხური საშუალებებით
ჩრჩილი - პატარა პეპლების რამდენიმე ასეული სახეობის კრებითი სახელწოდებაა. ის სხვადასხვა ადგილზე ბინადრობს. ნაწილი სოფლის მეურნეობის კულტურას აზიანებს, სხვები - ქურქს (Tinea pellionella) ან ტანსაცმელს (Tineola bisselliella). მიუხედავად იმისა, რომ ჩრჩილისთვის ყველაზე ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო ის ადგილია, სადაც ის მკვდარი ცხოველების ქსოვილით, მატყლით თუ ბეწვით იკვებება, ეს პეპლები ჩვენს კარადებში ხშირად ბინადრობენ.
ჩრჩილი აზიანებს შალის ნივთებს, ბეწვს, ტყავს, ხალიჩებს, ქსოვილებს, ბურღულეულს, ფქვილს და ა.შ. ჩრჩილის არსებობის შესახებ მაშინ ვიგებთ, როდესაც სახლში მფრინავი პეპლები ჩნდება ან კარადაში ჩრჩილისგან დაზიანებულ ნივთებსა და საკვებს აღმოვაჩენთ. პეპლები ნივთებს არ აფუჭებენ, ისინი დებენ კვერცხებს, რომლიდანაც იჩეკებიან ღორმუცელა მუხლუხები. სახლში მფრინავი ჩრჩილის არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც ბუდეა, სადაც მაძღარი მუხლუხები ასრულებენ განვითარების ციკლს.
ჩრჩილისაგან დასაცავი მრავალი ქიმიური საშუალება ანადგურებს მფრინავ პეპლებს და არა მუხლუხებს, განსაკუთრებით თუ ისინი კარადაში ღრმად არიან განთავსებულები. ძლიერმოქმედი, რთული ქიმიური პრეპარატები ხშირად ადამიანისთვის არა ნაკლებ საშიშია, ხოლო მათი სამზარეულოში გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია.
ზამთრის ტანსაცმელი არასოდეს შეინახოთ გაურეცხავი, რადგანაც ჩრჩილი ძირითადად აზიანებს იმ ადგილებს, რომლებიც ოფლითა და ცხიმით არის დასვრილი. კარადები აუცილებლად ხშირად უნდა განიავდეს, ხოლო გაზაფხულზე უნდა გამზეურდეს ზამთრის ტანსაცმელი, ქურქები და ხალიჩები.
როგორ ვებრძოლოთ:
კარადაში, სადაც ინახება შალის პლედები, თბილი სვიტერები, ქურქები და ქუდები მოათავსეთ ლიმონის ან ფორთოხლის გამხმარი კანი, მარლის პატარა ტომსიკები ლავანდის თესლით, აბზინდას, ნემსიწვერას, იელის ტოტები, კრაზანას ყვავილები და ფოთლები, ევკალიპტის ფოთლები. მნიშვნელოვანია პერიოდულად დაცვის მცენარეული საშუალებების განახლება. სასარგებლოა მათი ქურთუკების, პალტოების ჯიბეებში მოთავსება.
კარგად დაგვეხმარება ჩრჩილთან ბრძოლაში კაკლის ტოტები, ფიჭვის ფისიანი ნაფოტები, მიხაკის ყვავილები და წაბლიც კი. წაბლს აგროვებენ შემოდგომაზე, ახმობენ და ათავსებენ ტანსაცმლის კარადაში.
ჩრჩილი ვერ იტანს ახალი საპნის სუნს. არომატული საპნის ნაჭრები შეიძლება მოვათავსოთ თეთრეულის კარადაში არა მარტო სურნელისთვის, არამედ ჩრჩილისგან თავდასაცავად. განსაკუთრებით ეფექტურია მარწყვის საპონი.
საკვები პროდუქტების დასაცავად იყენებენ ნიორს. ბურღულეული, ჩირი უნდა შევინახოთ კარგად თავდახურულ ქილებში ერთ კბილ ნიორთან ერთად.
ჩრჩილი იშვიათად ჩნდება იმ სახლში სადაც ნემსიწვერა იზრდება. მისი ფოთლები და ღერო დაზიანებისას გამოყოფს საკმაოდ მკვეთრ სუნს, რომელიც აფრთხობს ჩრჩილს.
ჩრჩილი უფრო სწრაფად მრავლდება წელიწადის თბილ დროს, ამიტომ უმჯობესია, თუ ნივთებსა და პროდუქტებს შევინახავთ გრილ, მშრალ ადგილზე.