“44-ე ნომერს რაც შეიძლება მალე დავბლოკავთ“ - Adidas-მა SS-თან მსგავსების გამო გერმანიის ნაკრების ფორმაზე ნომერი გააუქმა
Adidas-მა გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური ყველანაირი ხმარებიდან ამოიღო. ინფორმაციას europop.ge ავრცელებს.
მართალია, ევროპის ჩემპიონატზე 44-ე ნომერი გერმანიის ნაკრებში ვერავინ იქნება, რადგან დიდ ტურნირებზე ფეხბურთელები გუნდებში 1-დან 23-ე ან 26-ე ნომრის ჩათვლით ინომრებიან (გააჩნია, რამდენი ფეხბურთელის წაყვანა შეეძლება გუნდს), მაგრამ მაინც, 44-ნომრიანი მაისური ყველა სახის ხმარებიდან ამოღებულია - ანუ, ფანებსაც არ შეუძლიათ ბუნდესგუნდის ოფიციალური 44-ნომრიანი ფორმის შეძენა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ციფრების დიზაინია.
გერმანიის ნაკრების ფორმაზე ციფრ 4-ს ისეთი დიზაინი აქვს, რომ ბევრს გაახსენა ნაცისტური გერმანიის დროინდელი SS - სიმბოლო, რომელიც აკრძალულია. მსგავსების შესახებ თავიდან ჟურნალისტმა ტობიას ჰუხმა დაწერა, ახლა კი, ამ თემას “ადიდასიც” გამოეხმაურა.
“44-ე ნომერს რაც შეიძლება მალე დავბლოკავთ. ჩვენთან 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს. ჩვენი კომპანია მრავალფეროვნებას ემსახურება და ანტისემიტიზმის, ძალადობის და სიძულვილის გამოხატვის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგია.” - უთხრა “ბილდს” “ადიდასის” წარმომადგენელმა ოლივერ ბრიუგენმა.
შეგახსენებთ, რომ 2027 წლიდან გერმანიის ნაკრების სპონსორი უკვე Nike იქნება.