"კროკუსზე" თავდასხმის საქმეზე, მეათე პირი დააკავეს
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის საქმეზე, მეათე პირი, იაკუბჯონი იუსუფზოდა დააკავა - ინფორმაცია „მთავარი არხის“ ვებ გვერდი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, იუსუფზოდამ თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო მონაწილეს საბანკო ბარათიდან გადაურიცხა საცხოვრებლის ფული და გადარიცხვები ტერაქტის შემდეგაც გაგრძელდა.
იუსუფზოდა 25 მარტს საბუთების შემოწმების დროს დააკავეს და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. ახლა მას ბრალი ტერორიზმის ფაქტზე წარუდგინეს და 22 მაისამდე დააკავეს.
იუსუფზოდი მეათეა "Crocus City Hall"-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა შორის. მანამდე დააპატიმრეს ტაჯიკეთის ოთხი მოქალაქე, რომლებსაც გამოძიება ტერაქტის უშუალო შემსრულებლებად მიიჩნევს. დააკავეს ასევე ხუთი ადამიანი, რომლებიც, სამართალდამცავი ორგანოების თანახმად, თავდამსხმელთა თანამოაზრეები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმა ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ხალხი საკონცერტო დარბაზში იჯდა და კონცერტის დაწყებას ელოდებოდა, როცა დარბაზში სროლა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.