ჯეიკ სალივანი საუდის არაბეთში ჩადის
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ამ კვირაში საუდის არაბეთში გამგზავრებას აპირებს, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება.
დასავლური მედია წერს, რომ ჯეიკ სალივანის ვიზიტი იმ ფონზე გაიმართება, როცა შეერთებული შტატები ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში პროგრესს ითხოვს.
ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ შეჩერდა, თუმცა ბოლო პერიოდში კვლავ განახლდა.
Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ სალივანი რიგ საკითხებზე ფართო კონსულტაციებს გამართავს. „ის დიდი ხანია არ ყოფილა საუდის არაბეთში და ბევრი რამ არის განსახილველი“, - აღნიშნა Reuters-ის წყარომ.
ცნობისთვის, ნორმალიზაციის შეთანხმების ფარგლებში, საუდის არაბეთს სურს უზრუნველყოს ორმხრივი თავდაცვის პაქტი ვაშინგტონთან და მიიღოს აშშ-ის მხარდაჭერა მისი სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის.