თეგებით ძიება

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მოქალაქეებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის AnyDesk) გამოყენებით ხორციელდება. 

"კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. SMS შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს", - ნათქვამია განცხადებაში. 

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აღნიშნულის გათვალისწინებით, თაღლითებმა მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშზე გადარიცხვა შეძლეს, მათ შორის ვირტუალური აქტივების შესაძენად. 

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ. ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. 

"პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995)0322406406", - წერს ეროვნული ბანკი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა