თეგებით ძიება
02. 04. 2024 სპორტი

ევრო 2024-ზე მოთამაშე ფეხბურთელების კლუბები უეფა-სგან კომპენსაციას მიიღებენ

კვიპროსული გამოცემის, Sport-fm-ის ინფორმაციით, აპოელ-ი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების გამო უეფა-სგან კომპენსაციას მიიღებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში აპოელ-ის ორი ფეხბურთელი (ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია) მოხვდა. ისინი, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებენ, ისევე როგორც აპოელ-ისა და სლოვენიის ნაკრების მეკარე, ვიდ ბელეცი. ამის გამო ნიქოზიის კლუბი დამატებით შემოსავალს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატზე დვალის, ბელეცისა და ქვილითაიას თამაშის შემთხვევაში კვიპროსული კლუბის შემოსავალი 225 000 ევრომდე გაიზრდება (თითოეულ ფეხბურთელზე 75 ათასი ევრო). იმ შემთხვევაში, თუ სლოვენია და საქართველო ჯგუფიდან გავლენ, მაშინ თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

უეფა იმ კლუბებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ფეხბურთელები თამაშობენ, ჯამში, 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა კატეგორიების (სულ სამი კატეგორიაა) მიხედვით გადანაწილდება: A კატეგორიის კლუბი თითოეულ მოთამაშეზე, რომელიც გერმანიაში ითამაშებს, დღეში 10 000 ევროს მიიღებს, B კატეგორიის კლუბი – 6670 ევროს, ხოლო C კატეგორიის (რომელშიც შედის საქართველოს ნაკრები) – 3330 ევროს.

აქედან გამომდინარე, ქართული კლუბები, რომელთა ფეხბურთელებიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების განაცხადში მოხვდებიან, უეფა-სგან კომპენსაციის სახით გარკვეულ თანხას მიიღებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა