„ჩვენი ბრალი შარშან იყო პრობლემები კომუნიკაციაში“ - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან „არავითარ შემთხვევაში“ აღარ დააბრუნებს. მდინარაძემ ასე უპასუხა კითხვას, „უფრო დიდი პროტესტი რომ მიიღოთ, უკან დააბრუნებთ თუ არა კანონპროექტს“.
როგორც მდინარაძე აცხადებს, მმართველ გუნდს გასულ წელს ერთადერთი ხარვეზი მხოლოდ კომუნიკაციაში ჰქონდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტში მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი.
„არავითარ შემთხვევაში. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჩვენი საზოგადოება არის გონიერი. ჩვენი ბრალი შარშან იყო ერთადერთი რამ - კომუნიკაციაში იყო პრობლემები. პირადად ჩემი ხარვეზები შეიძლება იყო ეს. ბევრმა ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ახლა გაიგო ჩემგან, რომ მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი. როგორც პირადად მე ვავსებ დეკლარაციის ყოველ მომდევნო წლის დასაწყისში წინა წლის ხარჯების და შემოსავლების შესახებ, ასე უნდა შეავსონ უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა,“ - განაცხადა მდინარაძემ.