დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, საქართველოც იქნება ერთ-ერთი ბრძოლის ველი - ვახტანგ მაისაია
„დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, საქართველოც იქნება ერთ-ერთი ბრძოლის ველი“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-სთან ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამა განაცხადა.
„არასწორია, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთმა მობილიზაცია დაიწყო. რუსეთში არის მობილიზაცია დაქირავებული მებრძოლების, ხოლო პუტინის ბრძანებულება ეხება უბრალოდ გაწვევებს, რომელიც ხდება ნებისმიერ სახელმწიფოში. რაც შეეხება უკრაინის ფრონტს, პრინციპში სტაბილური სიტუაციაა. უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის შეტევების შეჩერება დონეცკის მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ ტაქტიკური უპირატესობა რუსეთის მხარეს აქვს. აპრილ-მაისში რუსეთის მხრიდან შეიძლება მოხდეს ინტენსიფიკაცია, ისინი ახდენენ ძალების კონცენტრაციას, სურთ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის სრული ოკუპაცია და შემდეგ ხარკოვზე გასვლა“, - ამბობს მაისაია.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღება დეფიციტს განიცდის და საბრძოლო აღჭურვილობის თანაფარდობით რუსეთთან დაახლოებით 1/5-ზეა.
„უკრაინის შეიარაღება განიცდის დეფიციტს და ამაზე დიდ გავლენას აშშ-ის მხრიდან 64 მილიარდიანი ლენ-ლიზის შეფერხება ახდენს. საბრძოლო აღჭურვილობის თანაფარდობით რუსეთი უკრაინასთან არის დაახლოებით 5/1-თან. საბრძოლო მოქმედებები ალბათ კიდევ 1-2 წელი გაგრძელდება. რაიმე საზავო შეთანხმებაზე საუბარი ამ ეტაპზე ზედმეტია. ევროპულ სახელმწიფოებს ეწურებათ სამხედრო მარაგების რაოდენობა, გერმანიის პოზიცია ახალი ტექნოლოგიების მიწოდებასტან დაკავშირებით აფერხებს უკრაინის სწრაფ წარმატებას“-აცხადებს ანალიტიკოსი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია მაკრონის მიერ ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნება საფრანგეთის სუვერენული უფლება: „საფრანგეთი არ უყურებს არც ევროკავშირის და არც ნატოს ხელმძღვნალობას, ის სუვერენული ქვეყანაა და თუ მაკრონმა თავისი ეროვნული კონტიგენტის ნაწილები უკრაინაში განალაგა ეს ბუნებრივია საფრანგეთის სუვერენული უფლება იქნება. შეიძლება მაკრონის განცხადებები წინასაარჩევნო გათვლებს უკავშირდებოდეს, თუმცა ის გამოხატავს დასავლელი პოლიტიკოსების შეშფოთებებს, რომლემაც კარგად იციან რომ რუსეთის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას.
„დასავლეთსა და რუსეთს შორის ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი მიდის, გამოიყენეს პროვოკაციულ-ფსიქოლოგიური ომის ელემენტები. საკმაოდ კულმინაციურ მომენტამდეა მისული ეს ყველაფერი. ჩვენს საპარლამენტო არჩევნებსაც ექნება გეოპოლიტიკური კონტექსტი. დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, საქართველოც იქნება ერთ-ერთი ბრძოლის ველი, 26 ოქტომბრის არჩევნები მეტად განპირობებული იქნება გეოპოლიტიკური ფაქტორებით, რაც მას გამორჩეულს ხდის“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტმა ასევე ქართული პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დაშოშმინების პოლიტიკას ატარებს.
„ხელისუფლება არა ნეიტრალურ, არამედ დაშოშმინების პოლიტიკას ატარებს რუსეთთან. ნაციონალური მოძრაობას პრო-ევროპულ პარტიად არ ვთვლი, რაც შეეხება სხვა პარტიებს მაგ. გახარია, ლელო, გირჩი და ახალი ისინი საკმაოდ სუსტად არიან წარმოდგენილნი. საზოგადოების დაკვეთა არის პრო-დასავლურობა. ვფიქრობ შესაძლებელია პოლონური ვარიანტი მივიღოთ არჩევნებზე, ვერცერთმა პარტიამ შეძლოს უმრავლესობის მიღება, კონსენსუსი ვერ შედგეს და ახლი არჩევნები ჩატარდეს. ალბათ ეს 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებთან ერთად მოხდება. ქართული ოცნების ელექტორალური რესურსი 30%-ის ფარგლებშია და ამ მხარდაჭერით ვფიქრობ უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ესაუბრა გიორგი აბულაძე