„მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი საქართველომ ოფიციალურად აღიაროს“ - ასლან ბჟანია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „Аргументы и факты“-თან ინტერვიუში თბილისთან ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
„ოდესღაც, ალბათ, ეს (შერიგება - რედ.) მოხდება. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. ქართველი ხალხის მიმართ არანაირ აგრესიას არ განვიცდით. არის უბრალო ხალხი და არის ქართული სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში ოპოზიციაა და, ალბათ, პოლიტიკოსები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გზას ვერ გადიან. როცა საქართველოს ხელისუფლება აქამდე მივა, ყველა საკითხი მოგვარდება. ფრანგები და გერმანელები დამეგობრდნენ და სსრკ დაუმეგობრდა გერმანიას. მაგრამ რა განსხვავებაა? ორივე შემთხვევაში გერმანიამ აღიარა თავისი დანაშაული და დამარცხება. არავითარ შემთხვევაში არ მინდა ვინმეს დამცირება. მაგრამ რეალობა ისეთია, ფაქტები ისეთია, რომ ობიექტური რეალობა უნდა იყოს აღიარებული. სამაგიეროდ, რას ვხედავთ? საქართველო არ აძლევს ჩვენს ბავშვთა სპორტულ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებზე გამგზავრების საშუალებას. რა შუაშია ბავშვები? ასეთი ზომები არ იწვევს ნდობის გაზრდას“, - განაცხადა მან.
ბჟანიამ მოსკოვთან აფხაზეთის ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩვენი მოქალაქეების - აფხაზების, რუსების, სომხების ინტერესებში შედის, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს. სხვა გზა არ გვაქვს და არც ვეძებთ. დასავლეთში გამოქვეყნებული არც ერთი მსოფლიო რუკა არ აჩვენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორიც აფხაზეთია. დიახ, ზოგიერთ საკითხში ჩვენი თვალსაზრისი (მოსკოვთან - რედ.) შეიძლება არ ემთხვეოდეს. მაგრამ ეს არ იყო და არ არის ფუნდამენტური ხასიათის. მთელი აფხაზი ხალხი დაინტერესებულია ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებით და მათზეა დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი“, - დასძინა მან.
ინტერვიუში ბჟანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში შეერთებით.