შალვა პაპუაშვილი: ვისგან ფინანსდება „დროა“? - „ევროპის დემოკრატიული ფონდისგან“, საიდან გავიგეთ ეს? - შემთხვევით, ხოშტარიას წამოსცდა
შარშან დიდი ტყუილი ითქვა და ამ ტყუილის გამო შემდეგ ბევრი თვალებში ვეღარ გვიყურებდა, დონორებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალეობაზე საუბრისას განაცხადა.
„არიან თუ არა ზოგადად გამჭვირვალეები? მაგალითად, ავიღოთ „დროა“, რომელიც არის მაგალითი იმ მთავარი პრობლემისა, რომელიც ჩვენ სამოქალაქო სექტორში არის და სინამდვილეში ფუნდამენტური ცვლილებები თუ სადმე არის საჭირო, ზუსტად აქ არის საჭირო. ეს არის მაგალითი ყველა მანკიერი თვისება ქართული სამოქალაქო სექტორის არის ერთად თავმოყრილი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვეულებრივი კლონია პარტიის, მას პარტიის სახელი აქვს, რეგისტრირებულია ელენე ხოშტარიას მისამართზე, იმეილი არის ელენე ხოშტარიასი, ხელმძღვანელი არის ელენე ხოშტარია, დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. გვაქვს პარტია „დროა“ და გვაქვს აბსოლუტურად ასლი ე.წ. NGO „დროა“. რას აკეთებს? ღონისძიებებს ატარებს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია რაც ვრცელდებოდა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს იყო „დროა“. ვისგან ფინანსდება „დროა“, ევროპის დემოკრატიული ფონდისგან და საიდან გავიგეთ ეს? საგადასახადოდან, თუ ბანკისგან? შემთხვევით გავიგეთ იმიტომ, რომ თავად ელენე ხოშტარიას წამოცდა ერთ-ერთ FACEBOOK-ის პოსტში, რომ დიდი მადლობა ჩვენს დონორს, ევროპის დემოკრატიულ ფონდს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.