თეგებით ძიება

საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო ეკონომიკაა, სადაც ტრანსნაციონალური კორპორაციები ძარცვავენ ჩვენს ქვეყანას - ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ელევან ლორთქიფანიძე გამჭვირვალობის კანონის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

საქართველოში მოქმედ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას არასდროს გაუყალბებია არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები.

საქართველოში მოქმედ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას არასდროს დაუგეგმავს რევოლუცია, გადატრიალება და არეულობა.

საქართველოში მოქმედ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას არასდროს უცდია ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება ))))

საქართველოში მოქმედ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას არასდროს უცდია ქვეყნის ომში ჩართვა და ა.შ.

საქართველოში მოქმედ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონია პოლიტიკური პარტიების ირიბად დაფინანსებასთან.

საქართველოში მოქმედი ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია (იმედი მაქვს) მზად არის, რომ წლის ბოლოს აუდიტის დასკვნა წარადგინოს სახელმწიფო დაწესებულებაში, "გრანტის შესახებ კანონსა" და ა.ა.ი.პ.- ის საქმიანობის  მარეგულირებელ წესებში შეტანილი მცირე ცვლილებების საფუძველზე. 

საქართველოში მოქმედი მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველკვირეულად ჩართულია თავის დონორებთან ორთაბრძოლაში, რათა ადგილობრივი ინტერესები დაიცვან.

საქართველოში მოქმედი მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება. საკვირაო სკოლების მუშაობა, არაფორმალური განათლების კერების შექმნა, ადგილობრივი კულტურის მხარდაჭერა, წიგნების თარგმნა არ არის პატრიოტული საქმე? არ შედის სახელმწიფო ინტერესებში? არის! შედის!

საქართველოში მოქმედი ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველთვიურად აბარებს ანგარიშს საგადასახადო სამსახურებს. 

"ქართული ოცნების" მიზანი არ არის გამჭვირვალობა! მათი ამოცანაა საკანონმდებლო დონეზე დაამკვიდრონ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" (სიტყვა "აგენტი" მეტს რას ნიშნავს?!) ცნება და ყველანი დაგვარეგისტრირონ "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების" რეესტრში. 

ვინ არის ნაძირალა და ვინ არის კეთილშობილი, ამას ხალხი ისედაც შესანიშნავად ხვდება. არ სჭირდება ამ საქმეს რეესტრი და კანონი! 

"ქართული ოცნება" იქცევა გულღრძო, დაბოღმილი, შურისმაძიებელი ბოროტმოქმედივით, რომელსაც ერთხელ არ გამოუვიდა დანაშაულის ჩადენა და ახლა ღირსების საქმედ მიიჩნევს კრიმინალური განზრახვის ბოლომდე მიყვანას.  

დემაგოგებო, შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება იმიტომ არის უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებული, რომ თქვენ მოსპეთ და გაანიავეთ ჩვენი ეკონომიკის რეალური სექტორი, ქვეყანაში არაფერი არ მუშაობს!

დემაგოგებო, საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო ეკონომიკაა, სადაც ტრანსნაციონალური კორპორაციები და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები ძარცვავენ ჩვენს ქვეყანას. მაგალითად, მითხარით ათი ადამიანის გვარი, რომლებიც "ჭიათურ მანგანუმის" მოგებით მრავალმილიონიან შემოსავალს იღებენ. ვერ მეტყვით! ვერ მიაგნებთ! არადა, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ!

სანამ ეკონომიკის სტრუქტურის შესაცვლელად არაფერს გააკეთებთ და მთელ სიმდიდრეს ანონიმურ კაპიტალისტებს უგდებთ ხელში, თქვენი ყველა მცდელობა ფარისევლობაა.

ყოველთვის ვატარებდი ჯერ ჩემი სამშობლოს, ჩემი კლასის ინტერესებს! უცხოური გავლენის გამტარებლები, მატარებლები და ბულდოზერები მოიკითხეთ თქვენსკენ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა