ოდიშარიამაც და მეგრელიშვილმაც დღესვე გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება - სალომე სამადაშვილი
„ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ პარლამენტის დეპუტატებმა, „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ და „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა დღესვე გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება.
სამადაშვილმა შეკითხვით მიმართა გირჩის წევრს სანდრო რაქვიაშვილს, რომელიც სესიაზე კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტს განიხილავდა.
მან რაქვიაშვილს ჰკითხა, გუშინ დეპუტატების მიერ ქალების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარების შემდეგ, მიიჩნევს თუ არა აუცილებლად ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას?
"თქვენთან შეკითხვა მაქვს მე, როგორც პარლამენტის წევრთან - მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგისგან მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან. იმსახურებს თუ არა იმას, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა? მოითხოვთ თუ არა? მე აუცილებლად მიმაჩნია ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და მეგრელიშვილმაც დღესვე და ამ მოთხოვნით მივმართავ ბატონ პაპუაშვილს"- თქვა სამადაშვილმა.