თეგებით ძიება

საქართველო არის თვითმფრინავივით, რომელსაც ამინდი აბურთავებს, აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები, ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი - თეა წულუკიანი

საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ინიცირება მისასალმებელია.

„სასურველი და აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საფრთხე და დავინახოთ რეალობა, რომელიც არაა დამამშვიდებელი. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, როგორც თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავს და ცუდი ამინდი ჰაერში აბურთავებს. ეს დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჩვენი ქვეყანა ასეთ ვითარებაში უკვე რამდენიმე წელია და ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხოების დამატებითი ღვედები. სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს გამჭვირვალობის კანონი და მინდა, სიხარულით მივესალმო ამ კანონპროექტის დაინიცირებას გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ამ საფრთხეს გრძნობს საზოგადოების უმეტესობა, მაგრამ არიან ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, კანონის მიღებას სირთულეები შეუქმნან.

„საქმე გვაქვს ფსევდოექსპერტებთან და ყველაფრის მცოდნეებთან, რომლებიც ხშირად გვიხსნიან, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ, როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა და გვატყუებენ, რომ წაკითხული აქვთ სქელტანიანი ნაშრომები, ისეთი ხელმოცარული, თარგმანი რომ არ დასჭირდეთ ვიტყვი, ლუზერი თეორეტიკოსისა, როგორიცაა ფუკუიამა. თუ მათ მართლა შეუძლიათ, ამხელა წიგნები იკითხონ, რომელშიც დიდად შინაარსიანი არაფერი წერია, მაშინ მათთვის არ უნდა იყოს ძნელი, წაიკითხონ სულ ექვსი-შვიდი გვერდი, რომელსაც ჰქვია კანონის პროექტი გამჭვირვალობის შესახებ, სადაც ნახავენ, რომ კანონის პროექტის დებულებები არის ძალიან ნათელი, რომ ის არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს, იქნება ეს ემიგრანტი, მეცნიერი. არ ეხება კომპანიას, რომელიც უცხოურ ინვესტიციას მიიღებს თავისი კომერციული საქმიანობისთვის. ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო სექტორში იმ ორგანიზაციებს, ვისაც აღმოაჩნდება 20 პროცენტზე მეტი შემოსავლისა გარედან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელთა რეესტრი.

„ვერავინ, მათ შორის საქართველოში ევროკავშირელი ელჩი, ვერ იტყვის, რომ ეს კანონი რუსულია. თვითონ ევროკავშირმა ამ კანონის მიღება შარშან დაიწყო. ჩვენი უმრავლესობის მიერ წინა წელს ამ კანონის ინიცირებიდან დღემდე მრავალი რამ შეიცვალა, მათ შორის ის, რომ იდენტური კანონის მიღება დაიწყო ბრიუსელში ევროკავშირმა. ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანამ ზუსტად ისეთივე კანონის შემუშავება დაიწყო, როგორიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, მაგალითად ისეთმა დიდმა ქვეყანამ, როგორიცაა საფრანგეთი. საზოგადოებას უფლება გვაქვს, ოფიციალურად ვიცოდეთ იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ანტიქართულ საქმეს ემსახურებიან და უარს ამბობენ გამჭვირვალობაზე. ვისაც არაფერი აქვს დასამალი, ის მშვიდადაა და ფინანსებში გამჭვირვალობა ყველასთვის უნდა იყოს წამყვანი. ერთადერთი სექტორი, სადაც ფინანსურად ყველაფერი გაუმჭვირვალეა, მხოლოდ არასამთავრობო სექტორია. აქ გაჯანსაღებას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, – დასძინა თეა წულუკიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა