ბარსელონა კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს - ესპანური გამოცემა
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ესპანურმა გამოცამა AS-მა სტატია გამოაქვეყნა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მართალია, როგორც ერთ, ისე მეორე კლუბში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ზაფხულში კვარას ბარსელონაში გადაბარგების ალბათობა ნულის ტოლია, ფაქტი კატალონიელთა ინტერესისა და მოლაპარაკებების შესახებ, მაინც საინტერესოა.
„აძური“ ღრმა კრიზისშია და უკვე სამი მწვრთნელი გამოიცვალა, მაგრამ კვარა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს, სერია A-ს ის მოთამაშეა, რომელიც კარში ყველაზე მეტჯერ ურტყამს (101), ასრულებს ყველაზე მეტ მწვავე გადაცემას (147), ყველაზე მეტჯერ ეხება ბურთს მეტოქის საჯარიმოში (64) და ვისთანაც ყველაზე მეტჯერ ჯარიმდებიან (70). Transfermarkt-ის თანახმად, ის მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირად ღრებული მარცხენა შემტევია (80 მლნ ევრო), ვინისუსის (150 მლნ) და რაფა ლეაოს (90 მლნ) შემდეგ.
შედეგიანობა და ასაკი (23 წელი) კვარაცხელიას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოთამაშედ აქცევს და მისი სახელიც ბარსელონას სასურველ მოთამაშეთა სიაში ჩნდება.
ფეხბურთელისადმი „ბლაუგრანას“ ინტერესის შესახებ ბოლო თვეებშიც არაერთხელ გამჟღავნდა და როგორც AS-ისთვის გახდა ცნობილი, ქართველის სიტუაციასთან დაკავშირებით ბოლო კვირების განმავლობაში იყო კლუბების დირექტორებს შორის კონტაქტი. მაგრამ ნაპოლის რეაქცია ტრანსფერის განხორციელების იმედს არ ტოვებს.
დე ლაურენტისი ზაფხულში ვიქტორ ოსიმენის (კონტრაქტში პირგასამტეხლოდ 130 მლნ უწერია) დაკარგვას კი შეეგუა, მაგრამ აღარ სურს ამავე ფანჯარაში თავის მეორე ვარსკვლავსაც შეელიოს. იტალიელი ამაზე მხოლოდ მაშინ დაფიქრდება, თუკი სანაცვლოდ ზღაპრულ, 130-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.
„ნაპოლი“ კვარაცხელიას გარშემო „პროექტი 24/25“-ის აგებას აპირებს, რომელსაც ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა (იუვენტუსიდან) ჩაიბარებს. ამის გამო დე ლაურენტისი მაისის ბოლოს შეეცდება, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. კვარაცხელიას მომავალი სწორედ ამ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. მოქმედი კონტრაქტით კვარას ხელფასი სეზონში მილიონ-ნახევარ ევრომდეა, ოსიმენი კი ათს გამოიმუშავებს“ - წერს ესპანური მედია.