თეგებით ძიება

„კატასტროფა ელოდებათ წინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს“ - დავით ზურაბიშვილი

„კატასტროფა ელოდებათ წინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს“ - საინფორმაციო სააგენტო Tia.ge პოლიტიკის ანალიტიკოსს დავით ზურაბიშვილს ესაუბრა და კითხვები დაუსვა მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ“ კანონის რეინიცირებაზე.

„არ არსებობს ისეთი ოფცია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებისთვის ეს ინიციატივა შეიძლება იყოს სასარგებლო, იმ შემთხვევაშიც კი თუ გაიტანეს და პროტესტიც ჩაიხშო მაინც წამგებიანი იქნება, პირველ რიგში მათთვის, თორემ ქვეყნისთვის რომ დამღუპველია ისედაც ცხადია. ეს მეტყველებს პირადად ბიძინა ივანიშვილის არაადეკვატურობაზე. დავუშვათ ეს უნდა კრემლს, რატომ შეუწყობდა ხელს ის წინასაარჩევნოდ ანტისახელისუფლებო განწყობების ასეთ მობილიზებას? ეს მოსკოვისთვისაც არ იქნებოდა სარგებლის მომტანი. გავიხსენოთ 2007 წლის ნოემბრის პროტესტი, რომელიც თითქოს ჩაიხშო, თუმცა 2008 წლის იანვრის არჩევნებზე ხელისუფლების საქმე ძალიან ცუდად წავიდა. უბრალოდ მაშინ დასავლეთის პოზიცია არ იყო სააკაშვილის მიმართ ისეთი ცალსახა როგორიც დღეს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილის თქმით, საერთაშორისო რეაქციები ძალიან სერიოზულია და მას აუცილებლად მოჰყვება ძლიერი შიდა პროტესტიც.

„გამოვიდნენ უკვე აშშ-ის სახ. დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ნატოს გენერალი მდივანი და მკვეთრად დააფიქსირეს, რომ ან ეს კანონი მოაცილეთ ან ევროინტეგრაციას დაემშვიდობეთო. ამის მოსმენა ქართველი ხალხისთვის როგორია?  შარშანდელზე არანაკლებ მასშტაბურ რეაქციას მიიღებს ხელისუფლება.

როგორც კი საკითხს დასვამ ამგვარად: ან ევროპა ან რუსეთი - ეს უკანასკნელი საქართველოში ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი ერთი კაცის ხელშია, თუ თქვა ხვალ ივანიშვილმა გამოიწვიეთ ის კანონპროექტიო ისევ გამოიწვევენ. ფაქტია, უცებ ჩატარდა სხდომა ოცნების ოფისში სადაც დაესწრო ბიძინაც. ივანიშვილს სჯერა, რომ ახალგაზრდები ამჯერად აღარ გამოვლენ ქუჩაში, ასევე არ ელოდა ასეთ რეაქციებს დასავლეთიდან. ის სწორად ვერ აფასებს სიტუაციას. ივანიშვილთან მქონია ურთიერთობა, ის ძალიან დიდწილადაა ხოლმე დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში. ის ცხოვრობს საკუთარ რეალობაში, როცა ასეთი მმართველი გყავს ძალიან საშიშია ქვეყნისთვის“, - ამბობს დავით ზურაბიშვილი.

„შარშან ისეთი ძლიერი იყო პროტესტი ან უკან უნდა დაეხია ხელისუფლებას ან შეეწირებოდა ვინმე, რადგან ახალგაზრდები უკან დახევას არ აპირებდნენ. პროტესტის დროს ვინმე რომ მოკვდეს, დამთავრებულია ხელისუფლება. გახარია, რომლის პირდაპირი ბრძანებით არ მომხდარა 20 ივნისის დარბევა დღემდე აწევს ეს ტვირთად. დასავლეთისთვის ჩვენი რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ თუ ივანიშვილმა ასე განაგრძო ისინი მარტო განცხადებებით არ შემოიფარგლებიან... საქართველოს რუსეთს არავინ არ ჩააბარებინებს. ამას არავინ შეარჩენთ. ჯერ არ მომხდარა არასდროს, რომ ორმხრივი წნეხისთვის - დასავლეეთიდან და შიგნიდან მასობრივი პროტესტისთვის ხელისუფლებას გაეძლოს“ - ამბობს ანალიტიკოსი.

ზურაბიშვილი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება ყველა ვარიანტში დაზიანდება: „კატასტროფა ელოდებათ წინ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს“.

ესაუბრა გიორგი აბულაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა