22 ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე კრიტიკულ წერილს აქვეყნებს და ევროკომისიას მიმართავს
ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილში „გარე გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ რუსულ კანონს აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროევროპულ გზას.
ხელმომწერი ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
წერილში საუბარია, რომ ევროკავშირი წელიწადში საშუალოდ 100 მილიონ ევროზე მეტ ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს – ევროპელი დეპუტატები მიუთითებენ, რომ ეს თანხები მიმართულია საქართველოს დასახმარებლად ძირითადი პროევროპული რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის ქართველი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ხარისხიანი საჯარო მომსახურებების უზრუნველყოფაზე.
„კანონი „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ასახელებს, როგორც „უცხოეთის აგენტებს“ და „სახელმწიფოს მტრებს“, თუ ისინი მიიღებენ ევროკავშირისგან დაფინანსებას ისე, როგორც საქართველოს მთავრობა იღებს მსგავსი საქმიანობისთვის.
[…] მოვუწოდებთ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და დროულად უზრუნველყოს საკუთარი შეფასების გამოქვეყნება.
ჩვენ გვესმის და მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების რეგრესული პროცესის შემთხვევაში, ევროკომისიას შესაძლოა მოუწიოს გაფართოების პროცესის საწყის პოზიციებზე დაბრუნება”, – ნათქვამია წერილში.