აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
აზერბაიჯანი და სომხეთი სასაზღვრო რაიონში ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს, 15:10 საათიდან 17:35 საათამდე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შემდგომი პროვოკაციებისთვის ნიადაგის შესაქმნელად აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ, თხრილის საინჟინრო გაუმჯობესების მიზნით, სამუშაოების ჩატარება სცადეს, კერძოდ, თოვუზის რაიონის დასახლებების – ხაჯალის, აღბულაგის, აგდამის, გარალარის, კოხნე გიშლაგისა და გადაბაის მიმართულებით. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, სამუშაოები მაშინვე შეწყდა.
მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 17:25 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბერდის რაიონის ჩინარლის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც განლაგებულია თოვუზის რაიონის მუნჯუღლუს დასახლების მიმართულებით.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც, 5 აპრილს, 17:05 საათზე სოფელ ჩინარლისთან (ტავუშის გუბერნია) და 17:30 საათზე სოფელ ვერინ შორჟასთან (გეღარქუნიკის გუბერნია) აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთის საბრძოლო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის განცხადებას სომხური პოზიციებიდან ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას უწოდებს.