"არ ვნანობ შეთავაზებას, ემოციურად ვიყავი და მინდოდა რომ... მართლა შეუძლიათ გულშემატკივრებს, რომ ჩვენთან დარჩნენ" - ბუდუ ზივზივაძე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის მიმართ გულშემტკივართა განსაკუთრებული სიყვარული კიდევ უფრო თვალსაჩინო ბოლო პერიოდში გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან საკუთარი დუბლით ნაკრებს ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფინალის საგზური მოუპოვა.
დადებითი ემოციები და რეზონანსი მოჰყვა ბუდუს შეთავაზებას ქართველი გულშემატკივრისთვის, გერმანიაში ჩასვლის შემთხვევაში, თუ დასარჩენს ვერ იპოვიდნენ, მასთან, ბინაში დარჩენილიყვნენ.
"ხალხი ძალიან ელოდება ზაფხულს და იმას, რომ ჩემთან შეეძლებათ დარჩენა... არ ვნანობ (შეთავაზებას), ემოციურად ვიყავი და მინდოდა რომ... ხალხს, ვინც ვერ შეძლებს, მართლა შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩვენთან......დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ნაკრებს ჩამოჰყვება ძალიან ბევრი ქომაგი თავის ქვეყნიდან და ჩვენც, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ჩვენი ქომაგი აქ იყოს". - თქვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ იმედის კვირასთან ინტერვიუში.
რაც შეეხება მის ცეკვას და იმას, თუ როგორ აღმოჩნდა მარტო სცენაზე ამდენი გულშემატკივრის წინაშე, ბუდუ ამბობს;
"მეც ვერ ამოვხსენი, როგორ დავრჩი მარტო სცენაზე მივიხედ-მოვიხედე და არავინ იყო... შევხედე, რომ ხალხსაც მოსწონდა ეს ვიდეობი, რაც ვრცელდება ნაწყვეტებია, რეალურად, 2-3 წუთი ვცეკვავდი. მინდოდა, რომ ის სიხარული ხალხისთვის გამეზიარებინა. თან გუნდი უკვე ავტობუსში იყო და ყველა მე მელოდებოდა. ამდენი ხალხის წინაშე პირველად ვიცეკვე."- ამბობს ფეხბურთელი.