ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ათევენ
ონკოპაციენტები ღამეს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათევენ. მათ პერმანენტული აქციები დღეს, 8 აპრილს დააანონსეს.
მათი ძირითადი მოთხოვნებია:
მკურნალობისთვის გამოყოფილი 25-ათასლარიანი ლიმიტის გაუქმება;
პერსონალიზებული მედიცინა – ყველა პაციენტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება, რაც სხვადასხვა ხარჯთან არის დაკავშირებული;
ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას გადადგომა, ვინაიდან მან "ონკოპაციენტები მოატყუა;"
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა.
მოძრაობა "კავშირი სიცოცხლისთვის" დამფუძნებელი გვანცა აფხაიძეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ონკოპაციენტისთვის უძილობა და სიცივეში ყოფნა არ შეიძლება, ისინი მაინც ათევენ ღამეს.
"ზოგიერთი მწერს, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, რომ ვერ მოვდივართო. გთხოვთ, ნუ გრძნობთ თავს დამნაშავედ. თავი დამნაშავედ იგრძნოს პრემიერმინისტრმა, დღეს ჩვენთან შესახვედრად რომ არ გამოვიდა და პრეზიდენტმა, ერთი სიტყვა რომ არ თქვა ჩვენ მხარდასაჭერად," - დაწერა აფხაიძემ სოციალურ ქსელში.