თეგებით ძიება

სისტემატურად ძალადობა ცოლზე, დაშორების შემდეგ მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა - დაკავებულია პოლიციელი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.

ასევე, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.

გარდა ამისა, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი. ასევე, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp”-ით  ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - წერია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა