ბარიერის გადალახვის შანსი აქვს „ნაცმოძრაობას“, გახარიას პარტიას, „ახალს“ და „ლელოს“, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრების შესაძლებლობას არ იძლევა - გოცირიძე
თუ რაიმე „გორბი“ არსებობს და თურმე 65%-ია „ქართული ოცნების“ რეიტინგიო, ნამდვილად გორბაჩოვს ჩაუტარებია, ოღონდ იმ სამყაროში და საიქიოდან მოსულ კვლევის შედეგებად შეიძლება შევაფასოთ ეს სასაცილო რიცხვები, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „გორბი“ „ქართული ოცნების“ მომსახურე სტრუქტურაა.
„ძალიან არასერიოზულია ისაუბრო კვლევაზე, რომელსაც ჰქვია “გორბი”. “გორბი” ვინაა არ ვიცი. გორბი არის გორბაჩოვი. გორბაჩოვი მკვდარია და რა კვლევა ჩაატარა? თუ რაიმე “გორბი” არსებობს, თურმე 65%-ია “ქართული ოცნების” რეიტინგიო, ნამდვილად გორბაჩოვს ჩაუტარებია, ოღონდ იმ სამყაროში და საიქიოდან მოსულ კვლევის შედეგებად შეიძლება შევაფასოთ ეს სასაცილო რიცხვები. არავითარი დამოუკიდებელი ორგანიზაცია “გორბი” არ არსებობს. ეს არის “ქართული ოცნების” სატელიტი, მომსახურე სტრუქტურა. თუ იმ “გორბზე” საუბრობთ, რომელსაც რაღაც კვლევითი ორგანიზაცია ჰქვია, კი, მაგრამ თუ მეორე “გორბს” ამბობთ, გორბაჩოვი დიდი ხანია მოკვდა”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, “5%-იან ბარიერს ოპოზიციური პარტიების დიდი უმრავლესობა ვერ გადალახავს”.
„გადალახვის შანსი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, გახარიას პარტიას, “ახალს” და “ლელოს”, მაგრამ ეს გადალახვა არ იძლევა გამარჯვებას და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სანაგვეზე გასტუმრების შესაძლებლობას. ამიტომ ოპოზიციის მსხვილი გაერთიანების შექმნა აუცილებელია”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.