თეგებით ძიება

ეროვნული მოძრაობის ყველა წევრი, რომელიც ნაციონალებთან ან „ოცნებასთან“ არ გაერთიანდა, „მოკვეთილია“ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს - თამარ დადიანი

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 35 წელი გავიდა. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რა როლი შეასრულა საქართველოს განვითარებაში 35 წლის წინანდელმა ტრაგედიამ, სად არიან და როგორ ცხოვრობენ დღეს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან მდგარი ადამიანები? ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი, თამარ დადიანი ესაუბრა.

- სანამ ეროვნული მოძრაობის დაწყებასა და 9 აპრილის ტრაგედიაზე ვისაუბრებთ, მინდა ორიოდე სიტყვით, „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ შესახებ გიამბოთ.  ეს არის პოსტსაბჭოთა საქართველოში შექმნილი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია. რომ არა ბოლშევიკების შემოჭრა, მე-19 საუკუნეში არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე შექმნილი იყო და ამ საქმეს სათავეში ილია ჭავჭავაძის მეუღლე, ოლღა გურამიშვილი ედგა. მერე საქმეში ბანოვნები ჩაერთვნენ, მაგრამ ბოლშევიკების შემოჭრამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.  საბჭოთა ეპოქაში ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ იყო, სხვა  ყველა გააქრეს. ჩვენი „საუდაკი“ სწორედ იმ პირველი არასამთავრობო ორგანიზაცების მემკვიდრეა, რომლებიც ყველაფერს საკუთარი სახსრებით აკეთებდნენ და არა უცხოური გრანტებით, როგორც დღეს მოდაშია. ჩვენც ევროპულ გზას მივყვებით, არავისგან გრანტს არ ვიღებთ და პირადი სახსრებით თუ მეგობრების შემოწირულებებით ვარსებობთ.

- ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში როდის და როგორ აღმოჩნდით? 

- 1987 წლის ნოემბრიდან ეროვნული მოძრაობაში, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გარშემო  დისიდენტების და სხვადასხვა თაობის ადამიანების გაერთიანება დაიწყო. უკვე გამოცდილ პოლიტიკოსებთან ერთად, ეროვნულ მოძრაობაში ჩვენც, ახალგაზრდებიც ჩავერთეთ. თავიდან დაახლოებით, 20 ადამიანი ვიყავით, მაგრამ ხალხი ნელ ნელა მოგვემატა და დიდ მოძრაობად ჩამოვყალიბდით. 1988 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობა გააქტიურდა და დღეს რომ საქართველო დამოუკიდებლობას ზეიმობს, ეს მეოცე საუკუნის სამოციანელთა თაობის დამსახურებაა. არავინ თქვას, რომ მას მერე საქართველოს დამოუკიდებლობას რამე შემატა. პირიქით, ქვეყანა უკან-უკან მიდის და ერის განვითარება ფერხდება. 

- 9 აპრილის ღამეს თანამოაზრეებთან ერთად, მთავრობის სახლის წინ იდექით. იმ ღამის მოვლენებს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- 1989 წლის 8 აპრილის საღამოს, რამდენიმე მეგობართან ერთად, საპროტესტო აქციიდან სახლში ტანსაცმლის გამოსაცვლელად წავედი. ქაშუეთის უკან, ბაღში ვიყავით რომ ხიდთან ტანკების უზარმაზარი  კოლონა დავინახეთ, რომელმაც გრუხუნით ჩაგვიარა. სახლში აღარ წავსულვართ, მთავრობის სახლთან მივბრუნდით, ზვიად გამსხურდია და მერაბ კოსტავა მოვძებნეთ და ვუთხარით, რომ ტანკების კოლონას შევხვდით. არც ერთს არაფერი უთქვამს, ბატონმა ზვიადმა თავი დამიქნია და მივხვდი, რომ ინფორმაცია უკვე ჰქონდა. ფიქრობ, რომ შინაგანად ყველა დარბევას ველოდით.  ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, ღამის 3 საათზე, როცა ბიჭებმა პარლამენტისკენ კორიდორი გააკეთეს, სვანი, შავოსანი დედები გამოჩნდნენ ჯვრებით ხელში. 30-მდე ადამიანი მოვიდა და ეს იყო ბოლო მოსვლა, მას შემდეგ აღარავინ მოგვმატებია. ერთ-ერთ შავოსან ქალბატონს მიკროფონი მიაწოდეს, მოგვესალმა, დაგვლოცა და გამარჯვება გვისურვა, რამდენიმე წუთში კი  ჯოჯოხეთური ჩეხვა დაიწყო, რომლის გახსენება ახლაც მიჭირს. ორლესული ნიჩბებით შეიარაღებული ჯარისკაცები ყველას დასდევდნენ, თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ცოცხალი არავინ გაეშვათ. საბჭოს მოედნამდე გვსდიეს.. სამშვიდობოს რომ გავედით, ცოტა ხანი დავიცადეთ და ისევ უკან მივტრიალდით. რუსთაველის გამზირზე ყველგან სისხლის გუბეები იდგა და საბჭოთა ჯარს უკვე დაკავებული ჰქონდა ტერიტორია. არ ვიცი ეს რა იყო, ახალგაზრდული ჟინი თუ შემართება, მაგრამ ამ ნიჩბიანი ჯარისკაცების წინაშე ასობით ახალგაზრდა დავდექით. ისევ გაგვდევნეს და ბოლოს თავი უნივერსტეტის ეზოში მოვიყარეთ. რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი გამოცხადდა, მაგრამ ჩვენმა ხალხმა მაინც იმარჯვა - მოსახლეობა შემოგვიერთდა და ჩვენს გამოსვლებს ყოველდღიური ხასიათი მიეცა. 

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა, 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება?

- ამაზე ხშირად მიფიქრია და ყოველთვის ვასკვნი, რომ 9 აპრილის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ქართველებს ბრძოლაში უკან დახევა არ გვჩვევია და ის საპროტესტო მუხტი უკვალოდ ვერ გაქრებოდა.. მახსოვს, რომ საპროტესტო გამოსვლები 9 აპრილს დაღუპულთა დაკრძალვების პარალელურად მიმდინარებდა. გარდაცვლილ გმირებს ზღვა ხალხი მიაცილებდა და ნიჩბოსნები ამ პროცესებს შორიდან აკვირდებოდნენ. 9 აპრილი ჩემთვის იყო სატანის წამიერი გამარჯვება, მაგრამ საბოლოო დამარცხება. 

- ეროვნული მოძრაობის ლიდერთა უმეტესობა გარდაცვლილია. რიგითი ჯარისკაცების, თქვენი თანამებრძოლების შესახებ რას გვეტყვით? 

- იმ ღამეს და მომდევნო დღეებში უცნობი ქიმიური ნივთიერებისგან, რომელიც საბჭოთა ჯარებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს, უამრავი ადამიანი მოიწამლა. მოწამლულ ტერიტორიაზე დაწყობილი ყვავილების სიონში გადატანის დროსაც, ვინც იმ ყვავილებს შეეხო, ყველა მოიწამლა. ბევრს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მაგალითად, 9 აპრილს მოწამლული „წმინდა ილია მართლის საზოგადების“ წევრი, ნანა დგებუაძე გერმანიაში გადაარჩინეს. ტყიბულელი ბიჭი იყო, თუ არ ვცდები ზვიად ქასრაძე, წლების მანძილზე მკურნალობდა და ასეთი უამრავია. სამწუხაროდ, ზოგი მოწამლული ღვიძლის დაშლით გარდაიცვალა, ბევრის შესახებ უბრალოდ, ინფორმაცია არ გვაქვს.

ზოგადად, ეროვნული მოძრაობის წევრები უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, თუმცა ვინც ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას შეეკრა, მერე ნაციონალებს და ოცნებას, ყველამ მშვენივრად აიწყო ცხოვრება  - ზოგს მარადიული დეპუტატის პენსია აქვს, ზოგს აწყობილი ბიზნესები და ა.შ. შევარდნაძის დროს შეიქმნა კომისია, რომელმაც ისეთ ხალხზე გასცა საბუთები, 9 აპრილზე წარმოდგენა რომ არ აქვს. ასეთ ხალხს ბინებსაც აძლევდნენ, ბიზნესებსაც უკეთებდნენ და დღემდე რაღაც თანხებისაც უხდიან, როცა 9 აპრილს მოწამლულ ჩემს მეგობარს არასოდეს არანაირი დახმარება არ მიუღია. ეროვნული მოძრაობის ყველა წარმომადგენელი, რომელიც ნაციონალებთან ან „ოცნებასთან“ არ გაერთიანდა, „მოკვეთილია“ და უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ საქართველოს თავისუფლებისთვის რუსულ ტანკებს შევარდნოდნენ და სიცოცხლე გაეწირათ, აღარავის ახსოვს. ზოგმა დანგრეული ჯანმრთელობით მუშაობა ვეღარ შეძლო, სახლი გაყიდა, ნაქირავებში გადავიდა და თავი ძლივს გააქვს, მათი თავდადებით კი ვიღაცამ ხელი მოითბო. ასეთია სამწუხარო რეალობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა