პარლამენტი ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერის თაობაზე პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
ინიციატორთა ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1-ელ იანვრამდე. აღნიშნული საგადასახადო დავალიანება ჯამურად, დაახლოებით, 591 458 571 ლარს შეადგენს, მათ შორისაა, გადასახადი - 225 746 111 ლარი; ჯარიმა - 138 611 457 ლარი და საურავი - 227 101 003 ლარი.
„ფიზიკური პირები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ, მათ მიმართ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამო პრაქტიკულად ვეღარ საქმიანობენ. წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მათ შესაძლებლობა ეძლევათ ხელახლა, საგადასახადო ვალდებულების გარეშე განაახლონ საქმიანობა“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობისთვის მომზადებულ საგადასახადო ინიციატივას, პროექტის თანახმად, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.
საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
“საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორში) რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ ხორციელდება, რომლებიც საქართველოში შვილობილი საწარმოების მეშვეობით საქმიანობენ, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას უშლის ხელს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების
გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს“, - ვკითხულობთ კანონპროექტში.
“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს.