გია ნოდია - ოცნების კანონს არაფერი აქვს საერთო FARA-სთან და ყველაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან
პოლიტოლოგი გია ნოდია, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუს აქვეყნებს:
გასაგებია, რომ ქოცთან კამათს იმაზე, თუ რატომაა ეს კანონი რუსული და რომ მისი მსგავსება ამერიკულთან წმინდად გარეგნულია, არავითარი აზრი არა აქვს. მათი კანონპროექტის რუსული ხასიათი მათთვის პრობლემა არც არის, მხოლოდ ამის ხმამაღლა აღიარება არ უნდათ.
მეორეს მხრივ, მათთვის, ვინც საპირისპირო პოზიციაზე ვდგავართ, ამ კანონის "რუსულობა", ანუ მისი ანტიდასავლურობა და ავტორიტარულობა მეტისმეტად აშკარაა და ამის დასაბუთებაზე დროის ხარჯვა გვეზარება.
მაგრამ, არც ისე ცოტაა ადამიანი, ვინც საქმეში ვერ ერკვევა და სულ სჭირდება მომარაგება კონკრეტული არგუმენტებით. ამაზე სისტემური მუშაობა უნდა მიდიოდეს.
ჩემი აზრით, არსებითი არგუმენტი არის ორი:
ერთი პოლიტიკურია: ვის წინააღმდეგაა მიმართული კანონი. ამერიკული FARA მიიღეს 1938 წელს და მისი მიზანი იყო ნაცისტური გერმანიის და, აგრეთე, ბოლშევიკური რუსეთის გავლენის აგენტების განეიტრალება. "ოცნება" არ მალავს, რომ ის დასავლეთის გავლენის გასანეიტრალებლად იღებს კანონს. რაც ამერიკისთვის 1938 წელს იყვნენ ნაცისტები, ოცნებისთვის ისაა დღეს დასავლეთი. აბსოლუტურად ცხადია.
მეორე შინაარსობრივია. FARA შეეხება სუბიექტებს, რომლებიც უცხოეთის მთავრობების მითითებით მოქმედებენ. ოცნების კანონი მართლა ამერიკული რომ იყოს, ის არ უნდა შეეხოს არც ერთ ქართულ ორგანიზაციას, რომელიც დასავლელი დონორებისგან გრანტს იღებს, რადგან ეს გრანტები არასოდეს მოითხოვს დასავლეთის მთავრობების ინტერესების გატარებას. ეს არის დახმარება ქართულ ორგანიზაციებს, რომ გააკეთონ ის საქმე, რაც თავისი ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიაჩნიათ.
ეს საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ოცნების კანონს არაფერი აქვს საერთო FARA-სთან და ყველაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან.
მაგრამ ამ არგუმენტების განმეორება ხშირად და სხვადასხვა ფორმითაა საჭირო.