თეგებით ძიება

"ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საბოტაჟს მისივე მთავრობა ახორციელებს" - Politico

"ბრიუსელი შიშობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საბოტაჟს მისივე მთავრობა ახორციელებს" - ამ სათაურით გამოცემა Politico სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ "რუსული კანონმდებლობის მსგავსი" საკამათო კანონპროექტის გამო, თბილისში საპროტესტო მოძრაობა გააქტიურდა.

ქართული ოცნების მიერ ინიციირებული რუსული კანონის გარდა, სტატიაში საუბარია პროპაგანდისტულ, ჰომოფობიურ კანონპროექტზეც, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ კვირას დაამტკიცა. Politico კანონპროექტებს "რეპრესიულებს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის თქმით, ისინი ეწინააღმდეგება ქვეყნის სავარაუდო ევროკავშირის ტრაექტორიას.

"რეპრესიული კანონპროექტები ბადებს კითხვებს მმართველი პარტიის ზრახვებთან დაკავშირებით. გასულ კვირას ათასობით ადამიანმა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო", - წერს Politico.

Politico წერს, რომ საქართველო ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს - უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და აღნიშნავს, რომ ბრიუსელში იზრდება შიში იმისა, რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ ფეხს ითრევს საკვანძო რეფორმებზე, არამედ აქტიურად ცდილობს ჩაშალოს მთელი პროცესი.

Politico-ს თანახმად, ამ სენსიტიურ საკითხზე საუბრისას, ევროკომისიის სპიკერმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის განცხადება კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულად შემაშფოთებელი მოვლენაა.

მან თქვა, რომ ევროკომისიამ მოუწოდა საქართველოს, გაიწვიოს ეს კანონი, მთავრობისა და მმართველი პარტიის საჯაროდ აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

"ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ გადაიდგას მთელი რიგი ნაბიჯები, მათ შორის, მოხდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და იმის უზრუნველყოფა, რომ მათ შეძლონ თავისუფლად მოქმედება", - დასძინა სპიკერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა