სტუდენტური კლუბი “ფაბლისითის”: არა რუსულ კანონს! კი ევროპას!
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი “ფაბლისითის” განცხადებას აქვეყნებს და ეხმიანება ე.წ. "რუსული კანონის" რეინიცირებას. ისინი ასევე ეხმიანებიან ილიაუნის სტუდენტური თვითმაერთველობის ერთი ნაწილის განცხადებას, რომელმაც სტუდენტების ნაწილში კითხვის ნიშნები გამოიწვია გარკვეული ორაზროვნების გამო.
ცნობისთვის, ილიაუნის ორი წარმომადგენელი მამუკა მდინარაძეს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად შეხვდა და როგორც თავად აცხადებენ კრიტიკული კითხვები დაუსვეს სადაო კანონპროექტის ინიციატორს. განცხადება მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, რასაც გარკვეული მღელვარება მოჰყვა უნივერსიტეტის შიგნით.
განცხადების ტექსტი:
ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას.
ჩვენი თითოეული აქტივობის მიზანი არის ძლიერი ქართული ანუ ევროპული საზოგადოების შექმნაში წვლილის შეტანა. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მიკერძოებული და ყველა ჩვენი განცხადება აპარტიული იყო. ამ პრინციპს არც ახლა ვღალატობთ. თუმცა,ყოველთვის ვეხმაურებოდით ყველა მოვლენას, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებდა.
მმართველი პარტიის მხრიდან, ბოლო დღეებში გავრცელებული განცხადება და ის ფაქტი, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა “რუსულ კანონს” (თუნდაც სახეცვლილი ფორმით) მხარს უჭერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, შემაშფოთებელია! გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ თვითმმართველობის პოზიცია არ წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პოზიციას.
‼️ჩვენ ვგმობთ მათ საქციელს და მიგვაჩნია, რომ “რუსული კანონის” ნებისმიერი სახით მიღება ზიანის მომტანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
პატივისცემით,
სტუდენტური კლუბი “ფაბლისითი”
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!