კანონი, რომელზეც საუბარი გვაქვს, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს - ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება - მიხეილ ყაველაშვილი
კანონი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, მხოლოდ ორ რამეს მოიცავს - ეს არის გამჭვირვალობა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ფინანსდებიან 20%-ზე მეტით უცხო ქვეყნიდან იყოს ყველასთვის ცნობილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „გამჭვირვალობის კანონზე“ განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს, სხვანაირი არ არსებობს და საზოგადოება შეყვანილია შეცდომაში.
„ეს ყველაფერი არის სპეკულაცია. საერთოდ მე არ მესმის რას ნიშნავს რუსული. კანონი, რომელზეც ჩვენ შარშანაც ვმუშაობდით და წელსაც არაერთხელ განმარტება გაკეთდა, ჩვენ გეუბნებით, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს ამერიკაში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც მიიღეს. სხვანაირი არ არსებობს, თქვენ საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ მზად ვართ გავცეთ პასუხი, იმას რასაც ხალხი აპროტესტებს“ - აღნიშნა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება.