„თავისი პირით ათქმევინეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა და ისევ მისივე პირით გვითხრეს, რომ კანონი შემოაბრუნეს“ – ნანკა კალატოზიშვილი მამუკა მდინარაძეზე
„ზუსტად ერთი წლის წინ, პარლამენტის წევრებმა, წინა პრემიერმა, ამ პრემიერმა, მამუკა მდინარაძემაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კანონი გაიწვიეს და აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ“, – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„მამუკა მდინარაძის ადგილას შემრცხვებოდა. თავისი პირით ათქმევინეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდა და ისევ მისივე პირით გვითხრეს, რომ კანონი შემოაბრუნეს. თან არც ახსნეს, რატომ და რისთვის. ეს რომ არჩევნების წინ ხდება განსაკუთრებულად ნიშანდობლივია.
როდესაც გვეუბნებიან, რომ მსახიობები, სცენიდან ნუ ლაპარაკობთო და ამავე დროს პარლამენტში ნული პოლიტიკის განათლებით და ცოდნით გვიზის ფეხბურთელი, კალათბურთელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში იღებენ მონაწილეობას, ეს არის უბრალოდ სიტყვების თამაში და არასერიოზული.
მე, როგორც მოქალაქე ვაპროტესტებ და ისინი კანონებს ადგენენ და ბედს მიწყვეტენ“. – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი „პუბლიკასთან“ საუბარში.