ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით - ნიუ იორკში დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყო. საუბარია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდის საქმეზე.
სასამართლოს სხდომის დარბაზში შესვლამდე ყოფილმა პრეზიდენტმა პროცესს პოლიტიკური დევნა უწოდა.
„ეს არის თავდასხმა აშშ-ზე. სწორედ ამიტომ, ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე“, – განაცხადა ტრამპმა.
ეს არის ისტორიული პროცესი, რადგან დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც მოსალოდნელია, პროცესი, სულ მცირე, ექვსი კვირა გაგრძელდება.
გასული წლის 30 მარტს, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა, ალვინ ბრაგმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, რაც წყაროების თანახმად, მან 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.
დონალდ ტრამპმა ასეთი ურთიერთობის ფაქტი უარყო და მისმა ადვოკატმა დენიელსს, რომლის ნამდვილი სახელი სტეფანი კლიფორდია, ბრალი გამოძალვაში დასდო.