თეგებით ძიება

ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის! - რომან გოცირიძე

როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათო, მაშინ მე გეუბნებით თქვენ - ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

„თქვენი ვალდებულებაა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, რომ უზრუნველყოთ ამ დარბაზში და ზოგადად, პარლამენტში სიმშვიდე, თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები, დაელაპარაკოთ ალეკო ელისაშვილს, დააცხროთ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვნებები, შეწყვიტონ შურისძიებაზე საუბარი, ნუ ემუქრებიან დეპუტატს და ნუ აცხადებენ, რომ ერთი მუშტის მოქნევის სანაცვლოდ, მოგხვდებათ ათი მუშტიო. ამას ამბობს ბატონი მათიკაშვილი, რომლისგან მოქნეული მუშტიც ამ 8 წლის განმავლობაში, რაც მე ამ პარლამენტში ვარ და ისიც აქ არის, არ მახსოვს, მას მარტოს მოექნიოს. ის მუშტებს იქნევს ჯოგთან ერთად. გაიხსენეთ რა თავდასხმა მოუწყვეთ გუბაზ სანიკიძეს, ღარიბაშვილს რეპლიკა რომ ესროლა და მის დასაცავად რომ გამოენთო მთელი უმრავლესობა და სად არის თქვენი ღარიბაშვილი ახლა, საჩვენებლად რომ გამოიდეთ თავი?! 20 ადამიანი რომ დაესხით, ბოდიში მოუხადეთ? ვინ ამკვიდრეს ძალადობას ამ პარლამენტში? კეთილი ინებეთ და გამოაცხადეთ როგორც თავმჯდომარემ, როდესაც ალეკო ელისაშვილზე ამბობთ, რომ მან არასწორი საქციელი ჩაიდინა და ამაში შეიძლება მეც დაგეთანხმოთ, მაშინ იგივე თქვით, როდესაც ვაშაძეს თავს ესხმოდნენ, სხვა დეპუტატებს თავს ესხმოდით. იმას, რაც გუბაზ სანიკიძეს გაუკეთეთ, ადამიანი იკადრებს?! ამდენი წელია პარლამენტში ვარ და თქვენი ამ ქუჩური ენით რომ ლაპარაკობთ, ერთი ერთზე ჩხუბი არ მინახავს. ეს არის ქართულ ტრადიციებზე კანონს რომ იღებთ და ქართული ტრადიციების დაცვას რომ ქადაგებთ?! რომელი ქართველი ვაჟკაცის ეთიკაა ტურების მსგავსად ლომს კოლექტიურად რომ ესხმიან თავს - ჯოგური ველური პრინციპებით რომ მოქმედებთ, არ გრცხვენიათ ?! კუნთიან ბიჭებს რომ ჩაწერთ სპეციალურად სიაში საჩხუბრად. როდესაც ძალადობას ახალისებთ, მარტინ ლუთერ კინგის სიტყვებს გაგახსენებთ: „ძალადობა წარმოშობს ძალადობას“. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ერთი მუშტის მოქნევის შემდეგ, 10 მოგხვდებათ, მაშინ მე გეუბნებით თქვენ - ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. ნუ ეთამაშებით ხალხის განწყობას, განსაკუთრებით აგენტების რუსული კანონისა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. კულუარებში თუ ღია განცხადებებს დაანებონ თავი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომ თურმე ახლა აქ ალეკო ელისაშვილი რომ მოვა, მას გაუსწორდებიან და სცემენ, თანაც როგორ სცემენ - ვაჟკაცურად, არაქათმურად. რა სიტყვებია, რა მდაბიური გამონათქვამი! რას ნიშნავს ლაჩრულად და ქათმურად დაესხა თავს, ვაჟკაცურად თავდასხმა რა არის - ინდაურულად და სირაქლემურად, თუ რანაირად?! ამიტომ, როდესაც დეპუტატი საუბრობს ქუჩური კრიმინალური ენით, იყენებს ისეთ სიტყვებს, რომელიც ქურდული სუბკულტურის შემადგენელი ნაწილია და ამას შემდეგ მშვიდად ხვდება საპარლამენტო უმრავლესობა, ასეთი ადამიანების ადგილი არ არის პარლამენტში. 8 წელია აქ ერთი სხდომა ვერ მოგიწვევიათ ეთიკის კომისიის, კეთილი ინებეთ და ასეთი საკითხები ამ კომისიაზე განიხილეთ“, - მიმართა რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა