რუსთაველზე გამართული აქციების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების ოთხი პოლიციელი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, სამართალდამცველებს თავისა და სახის არეში დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. პოლიციელები შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ მკურნალობას სახლში განაგრძობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. დაკავებულია 11 ადამიანი.