თეგებით ძიება

გვინდა, ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან - სოზარ სუბარი

გვინდა, ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ. არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ამის დანახვა. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდეც, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ტყუილია, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში, შეეხება მხოლოდ რუსეთს, ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს. როგორც სუბარმა აღნიშნა, „შენი მეგობარი და პარტნიორი ისეთ რამეს როცა აკეთებს, რაც შენს ინტერესში არ შედის, შენ ის უნდა ამხილო, თუნდაც ეს პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები იყოს".

„მთელი ეს დღეები ლაპარაკობთ, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში, შეეხება მხოლოდ რუსეთს, ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს. ეს არის ტყუილი. საფრანგეთმა როცა მიიღო კანონი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის იურიდიულ კომიტეტთა თავმჯდომარემ, საშა ულიემ ჩამოთვალა ქვეყნები, რომლებსაც ეს შეეხება, დაასახელა რუსეთი, დაასახელა ჩვენი მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანი, დაასახელა კატარი, აშშ და თქვა შემდეგი სიტყვები: „სამწუხაროდ, ზოგჯერ ამერიკა გვევლინება ძალიან ცუდ პოზიციაზე, როგორც ჩვენი პარტნიორი, ის ცდილობს დესტაბილიზაციას და დაპირისპირებას ჩვენს საზოგადოებაში". აი, ეს არის - შენი მეგობარი, პარტნიორი ისეთ რამეს როცა აკეთებს, რაც შენს ინტერესში არ შედის, შენ ის უნდა ამხილო. ამისთვის გვჭირდება გამჭვირვალობის კანონი", - განაცხადა სუბარმა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „მოლოტოვის კოქტეილის" პოლიციელებისთვის სროლა გმირობად როცა ცხადდება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის მეგობარი, ვინც ამას აფინანსებს". სუბარის თქმით, ამისთვის საჭიროა „გამჭვირვალობის კანონი" და ეს არის ევროპული კანონი, ზუსტად ისეთი კანონი, როგორიც მოქმედებს აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და როგორსაც ახლა იღებს ევროკავშირი.

„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, აშშ არის უკრაინის სტრატეგიული მეგობარი, მაგრამ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა თქვა: თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების დახმარების 90% რეალურად, დაიხარჯა აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში. ასე რომ, ეს იყო მომგებიანი ინვესტიცია და ეს უნდა გავაგრძელოთო. ეს განაცხადა ენტონი ბლინკენმა და, დიახ, აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ომი ძალიან აწყობთ ამერიკის მწარმოებლებს. ზუსტად იგივე თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პენტაგონის უფროსმა, ლოიდ ოსტინმა. მან თქვა, „შეიარაღება, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში, რათა თავი დაიცვას, იწარმოება ამერიკაში და ეს ყველაფერი ეხმარება ამერიკულ მოსახლეობას ტეხასიდან ოჰაიომდე და არიზონამდე". ამიტომაც, ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ. არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ, ეს დაინახოთ. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდეც", - აღნიშნა სოზარ სუბარმა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა